სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „აფხაზეთობა 2026“-ის ფარგლებში აფხაზეთისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა და ახალგაზრდული შეხვედრა გაიმართა

2026 წლის 23 მაისს, „აფხაზეთობა 2026“-ის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა და ახალგაზრდული შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება გაიხსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოტო-გამოფენით, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ისტორიისა და კულტურის ამსახველი ფოტომასალა. გამოფენის მიზანი იყო აფხაზეთის, როგორც საერთო ეროვნული სივრცის, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის წარმოჩენა, ასევე ახალგაზრდებში მეხსიერებისა და ერთიანობის იდეის გაძლიერება.

ფოტო-გამოფენის შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, „აფხაზეთობა 2026“-ის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აფხაზური ცენტრის – „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ – „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ სტიპენდიანტებთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანოს – „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ – წევრებთან.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილი დაეთმო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებასა და ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე დიალოგს. მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და მშვიდობის კულტურის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ლიტერატურულ-თეატრალური კომპოზიცია, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის, ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.

23 მაისს, წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან ერთად, საქართველო მეცამეტედ აღნიშნავს „აფხაზეთობას“ – დღეს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ დააწესა და რომელიც ერთობის, შერიგებისა და საერთო მომავლის რწმენის სიმბოლოდ იქცა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი...

დღეს ნიკა გვარამია იმას კი არ ამტკიცებდა თუ რატომ არ არის მისი პარტია არაკონსტიტუციური, არამედ ყალბი ინფორმაციისა და დემაგოგიის გამოყენებით „ქართული ოცნების“ არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას...