საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ასევე საპარლამენტო კომისიის ჩართულობით, კონკურენციისა და მომხმარებლის სააგენტომ დააინიცირა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ელექტრონული პლატფორმის შექმნას, სადაც განთავსდება საუკეთესო შეთავაზებები და ფასები, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, აღნიშნული უზრუნველყოფს მომხმარებლის მაქსიმალურ ინფორმირებულობას იმის შესახებ, თუ რომელი ქსელი სთავაზობს მას გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ასევე, გაძლიერდება ქსელებს შორის კონკურენციის ხარისხი.
„ქსელებს ექნებათ ვალდებულება, ინფორმაცია წარმოადგინონ ყოველკვირეულად, შესაბამისად, მომხმარებელი მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რომელი ქსელი სთავაზობს გარკვეულ პროდუქციაზე საუკეთესო შეთავაზებას, ან ფასს. აღნიშნული ასევე უზრუნველყოფს კონკურენციის გაძლიერებას ქსელებს შორის“, – აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.









