სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ მრევლს მიმართა.
„ძვირფასო მამებო, ჭირისუფლებო, ძმებო და დებო კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. ეს საერთო მწუხარებაა. ერთად ვიხსენიებთ ჩვენს გმირებს, სულიერ შვილებს, ძმებს და დებს, რომელნიც სამშობლოსთვის აღესრულნენ აფხაზეთში, იმ საშინელ ომში. ასევე, ჩვენ ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მათთან ერთად აფხაზებსაც. ვიხსენებთ ცხინვალის ომსაც. ცხინვალში დაღუპულ ჩვენს დებსა და ძმებს, როგორც ქართველებს, ასევე, ოსებს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები, ღმერთმა მოაშუშოს ჩვენი ჭრილობა და მოგვცეს მადლი დიდი შერიგების. რომ მოხდეს ჩვენი შერიგება და აღარ განმეორდეს არასდროს ძმათამკვლელი ომები. არამედ შევრიგდეთ და ჩვენი ძმური თანაცხოვრება, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში, ასე გაგრძელებულიყოს და გვეცხოვროს ერთიან ქვეყანაში მშვიდობით და ღვთის წყალობით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველა!“, – განაცხადა შიო მესამემ.
სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.









