აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „აფხაზეთობის კვირეული“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
ღონისძიება აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების პლენერით გაიხსნა, სადაც ხელოვანებმა აფხაზეთის თემატიკით შთაგონებული ნამუშევრები შექმნეს. პარალელურად, ფერწერის მასტერკლასები გაიმართა და მოეწყო ფოტოგამოფენა – „კადრები აფხაზეთიდან“.
დადიანების სასახლის საგამოფენო სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ასევე, სპეციალურად მოწყობილ საინფორმაციო სივრცეში სტუმრები გაეცნენ აფხაზეთის მთავრობის ერთიან ელექტრონული პორტალის მუშაობის პრინციპს, ხოლო ღია ცის ქვეშ მოეწყობა ეთნო-სივრცე.
ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდა სპეციალური ბანერი, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სიმბოლური „სამშვიდობო გზავნილები“ დაეტოვებინათ. ბავშვებისათვის, ანიმატორების მონაწილეობით სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები გაიმართა. მოეწყობა ხატვისა და კალიგრაფიის მასტერკლასები, ასევე ბავშვთა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს და გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადების პროცესს.
დღის ბოლოს გაიმართა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „შავნაბადამ“, ზუგდიდის ხალხური სიმღერის ანსამბლებმა „ჩელა“ და „ოდოია“, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეთა უფროსმა თაობამ, ასევე, ქართულ-კატალონურმა ვოკალურმა გუნდმა ვოკალ-ვირკანმა.
კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა, რომელმაც აფხაზეთობის კვირეულის მნიშვნელობასა და ქართულ-აფხაზურ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა.
„აფხაზეთობის ღონისძიება ჩვენი იდენტობის, ენისა და იმ სულიერი ერთობის ზეიმია, რომელსაც ვერანაირი დრო და მავთულხლართი ვერაფერს აკლებს.
ამ საზეიმო განწყობის პარალელურად, ჩვენ ერთი წამითაც არ გვავიწყდება ის მძიმე მოცემულობა, რომელშიც გვიწევს ყოფნა. თუმცა, ხელოვნური ბარიერები უძლურია იმ ემოციური და გენეტიკური კავშირის წინაშე, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.
ჩვენი მიზანია, აფხაზეთი ვაქციოთ არა ტკივილის, არამედ ახალი შესაძლებლობებისა და საერთო მომავლის სივრცედ. აფხაზეთი ჩვენი წარსული, აწმყო და, რაც მთავარია, ჩვენი გარდაუვალი მომავალია!“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადგილობრივი ხელისუფლების და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთობის დღესასწაული 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით დაწესდა და მას შემდეგ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.









