საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ქალაქ გურჯაანში კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
200 სტუდენტზე გათვლილ და 21 600 კვ. მეტრ ფართობზე განთავსებულ, უახლესი სტანდარტების შესაბამის პროფესიულ კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. კოლეჯის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე.
კოლეჯის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ საცხობი და საკონდიტრო მიმართულებები, საკვებისა და სასმელების მართვა, გასტრონომიული და ავანგარდული ტენდენციები, კრეატიული მიდგომები და კერძების გაფორმება.
გურჯაანში აღნიშნული პროფესიული კოლეჯის მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ბასკეთის კულინარიის სკოლასთან პარტნიორობით ხორციელდება. მისი ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.
ლევან ღირსიაშვილთან ერთად კულინარიული კოლეჯის მშენებლობის პროცესს გაეცნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ლევან კერესელიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღარაძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი.









