16 აპრილი, ხუთშაბათი, 2026
16 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

ეკა სეფაშვილი: ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება

„ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიციების შერბილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭების შემდეგ.

როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, ტონი ევროკავშირის მხრიდან უკვე შერბილებულია. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ბრიუსელის ტონი აუცილებლად შეიცვლება.

„ევროკავშირის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მინიჭება უკვე ნიშნავს იმას, რომ შერბილებულია მისი ტონი. ევროკავშირმა ერთი მხრივ, შარშან გამართულ კონფერენციაზე, სადაც განიხილებოდა 8 ქვეყნის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის საკითხი, საქართველო არ მიიწვია და მეორე მხრივ, ერთი წლის შემდეგ, ამ პროექტს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა. ეს ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს ძალიან მალე და მარტივად მოხდება, იმიტომ, რომ რასაც ვხედავთ, პოლიტიკური იმპერატივი წინ არის წამოწეული და ევროპა დღესდღეობით პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოქმედებს.

სხვათა შორის, ეს პოლიტიკური დღის წესრიგი მთელი ევროკავშირის ეკონომიკას აზიანებს. მათი ეკონომიკა მთლიანად მძიმე ვითარებაშია ნავთობპროდუქტების გაძვირების, ბლოკადებისა და სანქციების გამო. ამიტომ, ისინი იძულებულები იქნებიან გარკვეულწილად შეარბილონ სანქციები. ჩვენ უკვე ვიხილეთ სანქციების შერბილება, როდესაც სპარსეთის ყურეში საბრძოლო მოქმედებები განვითარდა, ევროპამ შეაჩერა რუსეთის მიმართ სანქციების მეოცე პაკეტის ამოქმედება, ასევე აამოქმედეს შერბილებული ნორმები რუსეთის ნავთობის შესყიდვისას და ა.შ. ისინი დღევანდელი პოლიტიკითა და განცხადებებით, საკუთარ თავსაც აზიანებენ და არ უნდა გაგვიკვირდეს საქართველოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულება რომ ვერ ექნებათ, თუმცა, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობაში სულ უფრო მეტად მატულობს უკმაყოფილება, რაც გამოწვეულია არაპრაგმატული პოლიტიკის გატარებით.

ასე რომ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები