დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ბუნებრივი გაზისა და ნავთობის სექტორზე ისაუბრა.
მისი თქმით, საბოლოოდ, საქართველოს ენერგეტიკული სექტორი აქტიურად გარდაიქმნება და უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს, ამ პროცესში კი გადამწყვეტია როგორც რეფორმები, ისე სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები.
„რაც შეეხება ბუნებრივი გაზის ბაზარს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩართულია სამხრეთის გაზის დერეფანში, ბაზარი მაინც ნაწილობრივ იზოლირებულია ევროპული სისტემისგან. ძირითადი მიმწოდებელი აზერბაიჯანია, ხოლო რუსული გაზი დაახლოებით 15%-ს შეადგენს და ძირითადად ბალანსირების ფუნქციას ასრულებს. ქვეყანას ამ ეტაპზე არ გააჩნია გაზის საცავები, რაც კრიზისულ სიტუაციებში მოქნილობას ამცირებს. შესაბამისად, ალტერნატიული წყაროების სრულად ჩანაცვლება ჯერჯერობით რთულია. ნავთობის სექტორში მდგომარეობა შედარებით განსხვავებულია — ბაზარი უფრო დივერსიფიცირებულია. მიუხედავად ამისა, რუსული იმპორტის წილი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა 2026 წლის დასაწყისში უკვე შემცირების ტენდენცია შეინიშნება. მომავალში მისი ჩანაცვლება შესაძლებელია, თუმცა ეს შესაძლოა ფასებზე აისახოს.
საბოლოოდ, საქართველოს ენერგეტიკული სექტორი აქტიურად გარდაიქმნება და უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ამ პროცესში გადამწყვეტია როგორც რეფორმები, ისე სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები. პროგრესი აშკარაა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია როგორც რეგიონული, ისე ევროპული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება, რათა ჩამოყალიბდეს მდგრადი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული სისტემა.“-განაცხადა მეზურნიშვილმა.









