ჩვენ ყოველთვის მოწადინებულები ვართ, რომ შეწყალების ჰუმანური აქტი აღსრულდეს. დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი ამ ყველაფერს, როგორც აქამდე გაუკეთებია და ეს აქტი შედგება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
დეპუტატმა შეწყალების თარიღები არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტის პრეროგატივაა.
„კარგად იცით შეწყალების, ამ ჰუმანური აქტის შესახებ ჩვენი, ჩვენი პრეზიდენტის დამოკიდებულება. არსებობს რაღაც ტრადიციები და შეიძლება ვიღაცას ჰქონდა ამის მოლოდინები. დამერწმუნეთ, რაც შეეხება შეწყალებას და ამ ჰუმანური აქტისკენ კიდევ ერთხელ გადადგმულ ნაბიჯს, ჩვენ ყოველთვის მოწადინებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, არის სხვა დღესასწაულებიც და დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო იქნება, გადაწყვეტს პრეზიდენტი ამ ყველაფერს, როგორც აქამდე გაუკეთებია და ეს აქტი შედგება. თარიღებზე ნუ დავკონკრეტდებით, ეს ბევრისთვის სენსიტიურ თემას ეხება. „ქართული ოცნების” მმართველობის დროს, არახალია ჰუმანური აქტები და დამერწმუნეთ ჩვენ ამ პოლიტიკას, ძალიან გონივრულად, სიფრთხილით აუცილებლად გავაგრძელებთ”, – აღნიშნა კირცხალიამ.









