13 აპრილი, ორშაბათი, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა.

„ბიძინა ივანიშვილის როლზე აღარ დავიწყებ საუბარს, თუ რა როლი აქვს მას ქართულ პოლიტიკაში და რა როლი აქვს მას იმ პოლიტიკაში, რომელმაც ქვეყანას შეუნარჩუნა მშვიდობა იმ ტურბულენტურ დროს, რა დროშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და მუშაობა. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა.

ჩვენ შარშან არაერთხელ ვიმყოფებოდით თურქმენეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ასევე ვგეგმავთ ვიზიტებს ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში იმისთვის, რომ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან თანამშრომლობას ჰქონდეს ინტენსიური სახე. სულ ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანი ჩართო ამ ფორმატში და ეს ხუთის ფორმატი ერთგვარად იქცა ექვსი სახელმწიფოს თანამშრომლობის ფორმატად. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან აზერბაიჯანის როლი სატრანზიტო ფუნქცია, საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ საქართველოს ფუნქციას და საჭიროებას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს.

„საქართველოს არაფერი დაუკარგავს. საქართველოს ფუნქციას და საჭიროებას ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და იქ მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მაგიდასთან მოწვეული. აქ მხოლოდ და მხოლოდ წააგებს ევროპა.

საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. საქართველოს აქვს გასასვლელი ზღვაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლუსია და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები ჩვენს მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად თანამშრომლობით კიდევ უფრო უკეთ უნდა გამოვიყენოთ. რაიმე სახის სპეკულაციები საქართველოს როლთან დაკავშირებით უბრალოდ უვიცობაა. რუკას თუ კარგად შეხედავენ, ძალიან ცხადად ჩანს, რა როლს ასრულებს საქართველო რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში“, – განმარტა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები