12 აპრილი, კვირა, 2026
12 აპრილი, კვირა, 2026

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, თბილისის დროით, შუაღამისას ცნობილი იქნება წინასწარი შედეგები.

„უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები დღეს თბილისის დროით 8 საათზე დაიწყო. ჩვენი დელეგაცია ამ არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით აკვირდება ქალაქ სეგედში. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ მაღალია ამომრჩევლების აქტივობა. 11 საათისთვის ქალაქ სეგედში დაახლოებით 40% იყო ამომრჩეველთა აქტივობა და ელოდებიან, რომ ზოგადად უნგრეთის მასშტაბით დღეს ამომრჩეველთა აქტივობა იქნება 72%, რაც უპრეცედენტოდ მაღალი პროცენტია როგორც ზოგადად ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე, უნგრეთის შემთხვევაში. ამ არჩევნებს დაახლოებით 150-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან. ჩვენ დავესწარით უბნის გახსნის პროცედურებს, რომელიც საკმაოდ წყნარ, მშვიდ ატმოსფეროში ჩატარდა. ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით არჩევნები საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

უნგრეთში არ არის გამოყენებული ელექტრონული აპარატურა. არჩევნები ტარდება ძველი ტრადიციული მეთოდით. თბილისის დროით, 9 საათისთვის უბნები დაიხურება და შუაღამისთვის ჩვენ უკვე გვეცოდინება წინასწარი შედეგები.

საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში იქიდან გამომდინარე, რომ ორ ძირითად პარტიას შორის საკმაოდ პატარა პროცენტული სხვაობაა.“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები