7 აპრილი, სამშაბათი, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

სოზარ სუბარი პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე: სამწუხაროდ, ხელისუფლება ხშირად იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე

პლასტმასის ბოთლების აკრძალვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა მედიასთან საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

“ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ გარკვეული დროით გადაიდოს ამ კანონის მიღება, იყოს მეტი კონსულტაციები ექსპერტებთან, გარემოს დამცველებთან, მეწარმეებთან და მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, რომლის ამოქმედება დროში უფრო მეტად იქნება გაწერილი,” – აღნიშნა დეპუტატმა და ჩამოთვალა ის პრობლემები, რომლებსაც გამოიწვევს მოცემული გადაწყვეტილება. სუბარის თქმით, ეს ცვლილება როგორც მეწარმეებს, ასევე მომხმარებლებს მძიმე ტვირთად დააწვება და ამასთან, გამოიწვევს უმუშევართა რაოდენობის ზრდასაც.

„ეს ორივე გადაწყვეტილება [6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტზე აქციზის დაწესება და პლასტმასის ბოთლების აკრძალვა] არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს ეხება, რადგან საუბარია ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე, გარემოს დაცვასა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები და ცხადია, რომ ამ სფეროში ცვლილებები აუცილებლად არის გასატარებელი, მაგრამ როდესაც მთავრობა იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, შეიძლება შედეგი საპირისპირო იყოს იმ მიზნის, რომლის მიღწევაც ჩვენ გვსურს.

დავიწყოთ იმ გადაწყვეტილებით, რაც საკვებთან დაკავშირებული პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვას გულისხმობს. ჯერ ერთი, ასეთი აკრძალვა მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო. მაგალითად ბანგლადეშმა, კენიამ, თუმცა ამ ქვეყნებშიც მათ მიერ მიღებული კანონები არასრულყოფილად მუშაობს. არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ მიუღია ასეთი მკაცრი აკრძალვა. ამ დროს ჩვენ ჯერ არ გაგვიკეთებია ისეთი ელემენტარული რამ, როგორიც არის, მაგალითად, ნარჩენების დიფერენცირებულად შეგროვება – პლასტმასი ცალკე, შუშა ცალკე, ქაღალდი ცალკე და, შესაბამისად, მათი გადამუშავება.

35 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, რომ აგვემუშავებინა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ეკოლოგიასა და ბუნებაზე ნარჩენების მავნე ზეგავლენას მინიმუმამდე დაიყვანდა. მე ვიყავი სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კარგად ვიცი, რა პრობლემებს აწყდება ის მოსახლეობა, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელის მიმდებარედ ცხოვრობს. ხშირ შემთხვევაში სოფლებში უბრალოდ სუნთქვა არის შეუძლებელი, როდესაც ნიავი ლილოს ნაგავსაყრელიდან ამ სოფლების მიმართულებით უბერავს. ქალაქის მერიამ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ნაგავსაყრელი ცივილიზებულ ჩარჩოებში ჩამჯდარიყო, მაგრამ როდესაც მილიონნახევრიანი ქალაქის მთელი ნარჩენები ერთ ნაგავსაყრელზე იყრის თავს, ძალიან ძნელია, რომ მიმდებარე ტერიტორიებზე არც სუნი იყოს და არც სხვა საფრთხე არსებობდეს. მეტიც, ამ ნაგავსაყრელიდან ჟონავს სხვადასხვა ნარჩენები, რომლებიც შემდეგ მიწისქვეშა წყლებს აბინძურებს და ადამიანების სიცოცხლესა და ეკოლოგიას შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

ამდენი წლის განმავლობაში ერთი ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა რომ აგვეშენებინა, დღეს შეიძლება ეს პრობლემა ნაკლები სიმძაფრით ყოფილიყო. დღეს დაახლოებით 800 მილიონი ლიტრი სხვადასხვა პროდუქციის ჩამოსხმა ხდება წლის განმავლობაში პლასტმასის ბოთლებში. ეს არის დაახლოებით 20 მილიონი ტონა პლასტმასი. ას რაოდენობა რომ შუშის ბოთლებით შევცვალოთ, დაახლოებით 800 000 ტონა შუშის ნარჩენს მივიღებთ და რას ვუშვებით ამ ნარჩენს? სად გადამუშავდება? მოხდება თუ არა შუშის ბოთლების უკან ჩაბარება, რომ მოქალაქეებმა ბოთლის ფასი ყოველ ჯერზე თავიდან არ გადაიხადონ?

მინის ბოთლები ფასებს ძალიან გაზრდის როგორც მოსახლეობისთვის, ისე მეწარმეებისთვის და ესეც სერიოზული პრობლემაა. ასევე, შუშის ტარის შესაბამისი სიმძლავრის ქარხანა საქართველოში არ გვაქვს და ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი გავა შესაბამისი რაოდენობის შუშის ბოთლების შემოტანაზე. ნახევარი მილიარდი დოლარის გასვლა ქვეყნიდან სერიოზული ზეწოლაა ეკონომიკაზე, იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე და ლარის კურსსაც მძიმედ დააწვება. ამასთან, ბევრი საწარმო უბრალოდ ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას, უამრავი სამუშაო ადგილი გაქრება, ადამიანები დარჩებიან უმუშევრები და ამის გაკეთების ფუფუნება არ მგონია, რომ გვქონდეს.

ეს არის პრობლემების მოკლე ჩამონათვალი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ გარკვეული დროით გადაიდოს ამ კანონის მიღება, იყოს მეტი კონსულტაციები ექსპერტებთან, გარემოს დამცველებთან, მეწარმეებთან და მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, რომლის ამოქმედება დროში უფრო მეტად იქნება გაწერილი. სამწუხაროდ, ხელისუფლება ხშირად იღებს ასეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები