6 აპრილი, ორშაბათი, 2026
6 აპრილი, ორშაბათი, 2026

დავით ქართველიშვილი: ირანის ირგვლივ კრიზისი საქართველოსთვის საფრთხე კი არა, პირიქით – იშვიათი სტრატეგიული ფანჯარაა. მაშინ, როცა სხვები ომსა და მოლაპარაკებებს შორის ბალანსირებენ, ჩვენ გვაქვს შანსი საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი, როგორც შეუცვლელი კვანძი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

„საქართველოსთვის ნებისმიერი რყევა ორმუზის ირგვლივ ავტომატურად ზრდის სახმელეთო და ალტერნატიული მარშრუტების მნიშვნელობას,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, საქართველოს პირველად ეძლევა შანსი მსოფლიოს საკუთარი თამაშის წესები შესთავაზოს.

„აშშ-ირანის მიმდინარე კონტაქტები უიტკოფსა და არაქჩის შორის, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული შედეგების მიღწევის გარეშე მიმდინარეობს. დონალდ ტრამპი ჩქარობს საზოგადოების წინაშე „სწრაფი გამარჯვების“ გაფორმებას, რადგან გაჭიანურებული კონფლიქტი ურტყამს ნავთობს, ინფლაციას და მისივე შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს. ირანი კი, პირიქით, თამაშობს გამოფიტვაზე: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო ძვირად დაუჯდება ეს ვაშინგტონს. ასე რომ, ჯერჯერობით ეს არ არის მოლაპარაკებები – ვაჭრობაა.

საქართველოსთვის ნებისმიერი რყევა ორმუზის ირგვლივ ავტომატურად ზრდის სახმელეთო და ალტერნატიული მარშრუტების მნიშვნელობას. პირველად დიდი ხნის შემდეგ, ჩვენ გვეძლევა საშუალება არა „ვიღაცის” მიერ დაწესებულ წესებს მოვერგოთ, არამედ საკუთარი თამაშის წესები შევთავაზოთ: ტრანზიტი, ლოჯისტიკა, ენერგეტიკული დერეფნები. როცა საზღვაო არტერიები რისკის ქვეშაა, კავკასიის სახმელეთო დერეფანი უკვე ალტერნატივა კი არა, არამედ მნიშვნელოვანი დაზღვევაა. ეს ნიშნავს: მეტ ტვირთგამტარობას, მოლაპარაკებებს, ინტერესს ინფრასტრუქტურის მიმართ – რკინიგზიდან პორტებამდე.
ეს შესაძლებლობის ფანჯარა, საჩუქარი არ არის – გამოცდაა. თუ საქართველო გააგრძელებს ცხოვრებას „პოლიტიკური თავდაცვის“ და მუდმივი თავის მართლებს რეჟიმში “გარე ცენტრებთან”, ამ შანსს სხვები წაიღებენ – თურქეთი, კასპიის მარშრუტები ან ალტერნატიული ლოჯისტიკური კავშირები. კონკურენცია მიმდინარეობს, მილსადენების კილომეტრებზე, ტვირთების რაოდენობაზე და მარშრუტების უსაფრთხოების გარანტიებზე. იმ პირობებში, როცა დიდი მოთამაშეები რისკებს ითვლიან, იმარჯვებს ის, ვინც საკუთარ გეოეკონომიკურ მდებარეობას სწრაფად გარდაქმნის ფულად.

ასე რომ, ირანის ირგვლივ კრიზისი საქართველოსთვის საფრთხე კი არა, პირიქით – იშვიათი სტრატეგიული ფანჯარაა. მაშინ, როცა სხვები ომსა და მოლაპარაკებებს შორის ბალანსირებენ, ჩვენ გვაქვს შანსი საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი, როგორც შეუცვლელი კვანძი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის (და არა მხოლოდ). მაგრამ ამას სჭირდება ცივი გათვლა, ეროვნული ინტერესების პრიორიტეტი და ამ გეგმების ხელის შემშლელი “მეხუთე კოლონის” განეიტრალება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ისევ იქცევა არა უალტერნატივო დერეფნად, არამედ ტერიტორიად, რომლის გავლითაც სხვების გადაწყვეტილებები იხეირებენ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები