მოხარული ვარ, რომ ოფიციალურ ვიზიტით ვიმყოფები სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანაში, რომელიც საქართველოს მოკავშირე და მეგობარია. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის მოწვევისთვის, თბილის მასპინძლობისა და შინაარსიანი, საინტერესო დიალოგისთვის, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მიხეილ ყაველაშვილმა მწვავე გლობალური გამოწვევების ფონზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„სლოვაკეთი ყოველთვის იყო და კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად, რასაც გულწრფელად ვაფასებთ მეც და მთელი საქართველო. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება. მწვავე გლობალური გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე საერთო ფასეულობებისა და მიდგომების მქონე ქვეყნების ურთიერთთანადგომა და მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვნად გვესახება მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ უახლოესი პერიოდის კონკრეტულ გეგმებსა და პრიორიტეტებზე. ასევე, განვიხილეთ დარგობრივი თანამშრომლობის ფართო პოტენციალი, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ინვესტიციის თემებს, ტურიზმს, თავდაცვასა და უსაფრთხოებას კულტურას, განათლებას, ახალგაზრდულ საკითხებს და სხვა მიმართულებებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ტექსტი მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით
საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთის რესპუბიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ცოტა ხნის წინ სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.









