საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა დედის ინსტიტუტსა და სახელმწიფოს დემოგრაფიულ გამოწვევებზე. დეპუტატმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ დედის ინსტიტუტის გაძლიერება სტრატეგიული ინვესტიციაა ქვეყნის მომავალში. ხუნდაძის აზრით, ეს უნდა გამოიხატოს დედების ეკონომიკურ და სოციალურ დაცვაში, მრავალშვილიანობა და დედობა უნდა წახალისდეს და დაფასდეს:
„დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ოჯახის შექმნა არის მხარდაჭერილი, მრავალშვილიანობა — წახალისებული და დედობა — დაფასებული, როგორც სოციალური და ეროვნული მნიშვნელობის ფუნქცია“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საჭიროა დროული რეაგირება, სხვა შემთხვევაში გაიზრდება შიდა და გარე რისკები.
„ოჯახი არის სახელმწიფოს ძირითადი ერთეული. როდესაც ოჯახი სუსტდება, სუსტდება სახელმწიფოც.
ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ფინანსურ სტიმულირებას, არამედ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ოჯახის შექმნა არის მხარდაჭერილი, მრავალშვილიანობა — წახალისებული და დედობა — დაფასებული, როგორც სოციალური და ეროვნული მნიშვნელობის ფუნქცია.
დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში.
ეს ნიშნავს: დედების ეკონომიკურ და სოციალურ დაცვას, მათი შრომის აღიარებას, და სახელმწიფოს მხრიდან რეალურ მხარდაჭერას, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას, არ იდგნენ არჩევანის წინაშე — კარიერასა და ოჯახს შორის. ბიოლოგიური დედის გაზრდილი ბავშვი ფსიქოემოციურად უფრო ჯანსაღი და სტაბილურია, ვიდრე სხვა მოცემულობაში.
სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს და აძლიერებს სახელმწიფოს გრძელვადიან პერსპექტივაში.
საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევა სწორედ ამაში მდგომარეობს — შეძლებს თუ არა ქვეყანა დემოგრაფიული ტენდენციების მართვას ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი სტრატეგიული პოზიცია რეგიონში.
ეს არის საკითხი, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ აღიარებას, არამედ დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას.
დაგვიანებული რეაგირება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ზრდის როგორც შიდა, ისე გარე რისკებს.
ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკა უნდა გახდეს ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტი ქვეყნის უსაფრთხოების დღის წესრიგში — შესაბამისი რესურსებით, პასუხისმგებლობითს და პოლიტიკური ნებით“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.









