კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.
არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.
რაც შეეხება ნივთმტკიცებებს, მოსამართლე გიორგი არევაძის განმარტებით, “მარკერი განადგურდეს, ბანერი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს”.
დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ელენე ხოშტარიას უნდა ესარგებლა, თუმცა, ის განაჩენის გამოცხადებას, ისევე როგორც დანარჩენ პროცესებს, არ დასწრებია.
პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმში, რომელიც მოსამართლემ წაიკითხა, ეწერა, რომ ხოშტარია “ხელისუფლების არც ერთ შტოს არ აღიარებს, მათ შორის, არც სასამართლოს”, რის გამოც, ის სხდომაზე არ გამოცხადდა.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, შინა პატიმრობას, ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეზე ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა და ის განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში იმყოფებოდა.
ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.









