EBRD-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა. როგორც EBRD-ის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ირკვევა, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0,5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. EBRD-ის შეფასებით რეგიონში საქართველოს გარდა 5.5%-ით გაიზრდება სომხეთის ეკონომიკაც.
„საქართველოს ეკონომიკა 2025 წლის სამ კვარტალში წლიურად 7.7 პროცენტით გაიზარდა. ზრდა ძირითადად მომსახურების სექტორებმა უზრუნველყვეს, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT)-მა, განათლებამ, ტრანსპორტირებამ და დასაწყობებამ შეიტანეს. შიდა მოთხოვნას მხარს უჭერდა ხელფასების ზრდა და დაკრედიტების მაღალი ტემპი”, – წერს EBRD-ი.
EBRD-ს პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს
აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,0% (წინა პროგნოზი შემცირდა -0.5%-ით)
მოლდოვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,0% (წინა პროგნოზი შემცირდა -0.8%-ით)
უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,5% (წინა პროგნოზი შემცირდა -2.5%-ით)
საერთო ინფლაციამ 2025 წელს ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბა და საშუალოდ 3.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა, ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაბრუნების მოლოდინით.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო ოთხი კვარტლის ჯამური მაჩვენებლით, წინა წლის 5.2 პროცენტიდან (მშპ-ს მიმართებით) 2025 წლის მესამე კვარტალში 3.5 პროცენტამდე შემცირდა.
ოფიციალური სავალუტო რეზერვები 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული 4.1 მილიარდი აშშ დოლარის მაჩვენებლიდან 2025 წლის დეკემბერში 6.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც დაახლოებით ოთხი თვის იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.
რეალური მშპ-ის ზრდა EBRD-ის მიერ 2026 წელს 5.5 პროცენტით, ხოლო 2027 წელს 5.0 პროცენტით არის პროგნოზირებული.
„უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელებამ შესაძლოა ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს“, – აღნიშნულია EBRD-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.









