საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია 13-15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში (MSC) მიიღებს მონაწილეობას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან გამართავს შეხვედრებს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, MSC არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.
„წელს კონფერენციაში, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი – მარკო რუბიო, გერმანიის კანცლერი – ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი – დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი – ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.









