ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო „უხეშ კორუფციაში“ დაადანაშაულეს. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანული ტელეარხის ცნობით, იაგლანდს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც ევროსაბჭომ მას იმუნიტეტი მოუხსნა. ის ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს, აცხადებს მისი ადვოკატი.
საქმის მასალების თანახმად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების შედეგად დადგინდა, რომ ნორვეგიის ყოფილი პრემიერი ეპშტეინის სახლებში პარიზში, ნიუ-იორკსა და პალმ-ბიჩზე ტურებს გეგმავდა. ეს ყველაფერი ხდებოდა მას შემდეგ, რაც ეპშტეინი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო გაასამართლეს.
სამართალდამცველებმა იაგლანდის სამ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა უკვე ჩაატარეს. მოსალოდნელია, რომ მას მალე დაკითხავენ.









