გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის გაჟონვის გამოძიების ფარგლებში, „ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორის სახლი გაჩხრიკა. აგენტებმა ჟურნალისტს მობილური ტელეფონი, სამსახურისა და პირადი ლეპტოპები, ხმის ჩამწერი, პორტატული მყარი დისკი და სმარტსაათი ჩამოართვეს.
გავრცელებული ცნობით, გამოძიება მიმართულია სამთავრობო კონტრაქტორის, ავრელიო პერეს-ლუგონესის წინააღმდეგ, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციის უკანონო შენახვისთვის წაუყენეს ბრალი. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ის საიდუმლო ინფორმაციას უნებართვოდ აგროვებდა. ამასთან ერთად, როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტი არ არის გამოძიების ობიექტი, თუმცა მის სახლში ჩხრეკა პენტაგონმა მოითხოვა.
გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჟურნალისტისგან ამოღებული მოწყობილობების შემოწმება მოსამართლემ აუკრძალა და საქმის სრულად განხილვამდე მხოლოდ შენახვა დაავალდებულა. პრესის თავისუფლების დამცველები აღნიშნავენ, რომ ეს უპრეცედენტო ნაბიჯია, რომელიც ზიანს აყენებს სიტყვის თავისუფლებას, აფერხებს ჟურნალისტურ საქმიანობას და ქმნის საშიშ პრეცედენტს.









