ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის კვლევას ეხმიანება სადაც ნათქვამია, რომ ევროპელთა ურავლესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ასეთი ნეგატიური შედეგები დგება, როდესაც მმართველები არაეფექტურები არიან და მომავლის პერსპექტივას ვერ უქმნიან ამომრჩევლებს.
„ასეთი ნეგატიური შედეგები დგება, როდესაც მმართველები არაეფექტურები არიან და მომავლის პერსპექტივას ვერ უქმნიან ამომრჩევლებს – ევროპელთა უმეტესობა მომავალს პესიმისტურად უყურებს. ასეთი განწყობა დაფიქსირდა სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის კვლევაში, რომელიც ნოემბერში, ევროკავშირის 23 ქვეყანაში ჩატარდა.
საკითხავია, იმჩნევენ კი ამას არაპოპულარული ნეოლიბერალი ხელისუფალნი? უმეტეს შემთხვევაში არა, სხვა გარე ფაქტორებზე გადაბრალება მათთვის ხანმოკლედ, მაგრამ უფრო კომფორტულია.
“ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, მათი ქვეყნების და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო“.
გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის“.
პესიმისტური განწყობა განსაკუთრებით დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დაფიქსირდა. ევროპელთა უმრავლესობა, 76% აცხადებს, რომ დემოკრატია მათ ქვეყანაში დაღმასვლას განიცდის. პესიმისტური განწყობა უფრო მაღალი იყო რუმინეთში – 91%, საბერძნეთში – 88% და ბულგარეთში – 86%.
თითქმის ყველა გამოკითხულ ქვეყანაში, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი ქვეყანა არასწორ გზაზეა. გამონაკლისს წარმოადგენენ პოლონეთი, ლიეტუვა და დანია. კითხვას, ეთანხმებიან თუ არა ისინი, რომ მათმა ქვეყნებმა “უფრო თავდაჯერებულად უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები, მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას შექმნის“, 71%-მა დადებითად უპასუხა.“ – წერს აბაშიძე.









