26 იანვარი, ორშაბათი, 2026
26 იანვარი, ორშაბათი, 2026

ჟენევაში დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-4 ციკლის ფარგლებში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა გაიმართება

ჟენევაში დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის (2021-2025 წლები) განხილვა გაიმართება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე – საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის წარმომადგენლები.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ანგარიში მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით და მასში ჩართული იყო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ანგარიშს თან ერთვის ინფორმაცია საქართველოს მიერ 2021 წელს წინა ციკლის ფარგლებში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველომ მიიღო 285 რეკომენდაცია და მხარი დაუჭირა 257 რეკომენდაციას.

ანგარიში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარედგინა სახალხო დამცველის აპარატს მისი წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ანგარიში მთავრობის წარდგინებით ასევე განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.

სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშის განხილვის შემდეგ, საქართველომ დადგენილ ვადებში უნდა წარადგინოს თავისი პოზიცია, თუ რომელ რეკომენდაციებს დაეთანხმება და აიღებს მათი შესრულების ვალდებულებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნიკალური მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც, ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ გაეროს წევრ სახელმწიფოში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები