პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა.
მისი თქმით, საზოგადოებაში დახლეჩის პროცესის პრევენციისთვის, ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი არის დისკუსიები.
„საზოგადოების პოლარიზაცია მოხდა იმდაგვარად, რომ ჩვენ წინ წამოვწიეთ ის მოსაზრება, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. დივერსია არ ითვალისწინებს მხოლოდ ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანას, ან იარაღს, ან ნარკოტიკების, დივერსია ასევე ფსიქოლოგიური ტერორია, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ინტენსიურად ტარდება, ასევე, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირების ხელშეწყობა ფულადი რესურსების ჩათვლით, პოლიტიკური მხარდაჭერითა და განცხადებებით, რომელსაც უკვე ინსტრუქციის სახე აქვს.
ადამიანების მობილიზება გააკეთეს იმისთვის, რათა კანონისთვის დაეპირისპირებინათ. კანონთან დაპირისპირება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ დისკუსიები არ უნდა იყოს, კანონის დაპირისპირებას უნდა მოჰყვეს სასჯელი, სასჯელს უნდა მოჰყვეს მაგალითად ვილსონის მიერ შემოტანილი ინიციატივა, რომ ოპონენტებს, აქ, თითქოს ფიზიკურად და არასამართლებრივად უსწორდებიან. ეს ყველაფერი მიგვაჩნია გარკვეული სცენარის ნაწილად და ამ შექმნილი პრობლემის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება, ანუ, საზოგადოებაში დახლეჩის პროცესის პრევენციისთვის, ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი არის დისკუსიები. მაგრამ დისკუსიები უნდა იყოს არა ჰაერიდან მოტანილ თემებზე, არამედ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც საქართველოს მომავალს ეხება“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აცხადებს პრემიერი.
მთავრობის მეთაურის ინიციატივას პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებით გამოეხმაურა და მზადყოფნას გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატის ფორმატებში, რომლებსაც შექმნის ქართული მედია ან ხელისუფლება, სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე.









