23 იანვარი, პარასკევი, 2026
23 იანვარი, პარასკევი, 2026

თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას. ხალხს შეუძლია ღიად დაინახოს, სად არის სიმართლე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ პრემიერის გამოწვევას დათანხმდება ის, ვისაც პიროვნული და პოლიტიკური კულტურა აქვს და ვისაც შეუძლია საკუთარი სიმართლის საჯაროდ დასაბუთება.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა შეცვლის ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას და ხალხს ღიად დაანახებს, სად არის სიმართლე.

„თანამედროვე გლობალურმა პოლიტიკამ თითქმის დაივიწყა კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა – „პოლიტიკური დებატები“. ამას თავისი მიზეზი აქვს – დებატები ყველაზე რთული ფორმაა და ამის უნარი მცირედს თუ შესწევს. პოლიტიკური დებატები მოითხოვს უპირველესად პიროვნულ და პოლიტიკურ კულტურას, შეურაცხყოფის გარეშე საკუთარი პოზიციის დასაბუთებას, უტყუარ ფაქტებსა და მყარ არგუმენტებს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკურ კომუნიკაციებში დებატებს ბრძოლის მთავარ იარაღს უწოდებენ. ვისაც ეს უნარი არა აქვს, ის ძლიერი პოლიტიკოსი ვერ არის. სწორედ ამ გამჭვირვალობას გაურბიან პოლიტიკოსები, როდესაც დებატებზე უარს ამბობენ.

დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური ურთიერთობები თითქმის მთლიანად ამოვარდნილია „პოლიტიკური კომუნიკაციების“ სტანდარტებიდან. ამ ტრანსფორმაციის ავტორი თავად დასავლეთი და კონკრეტულად დონალდ ტრამპია. მისი ახალი ხელწერა „ღიაობის“ და „პირდაპირობის“ პრინციპებზეა დაფუძნებული და თითქოს ავთენტურობის ელფერს სძენს, სინამდვილეში კი პოლიტიკური თამაშების ახალი მეთოდია. ზოგადად, „პოლიტიკური კომუნიკაციები“ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რა არის „გაყიდვადი“ იმ დროისთვის ხალხში. როგორც ჩანს, საზოგადოებას მობეზრდა ბრჭყვიალა პიარით კარგად შეფუთული პოლიტიკა და უცხოელი ლიდერებიც თამაშის ახალ წესებზე გადავიდნენ.

„პოლიტიკურ ღიაობას“ ქართველი ხალხი არ განუცვიფრებია, რადგან 2012 წლიდან შეჩვეულნი იყვნენ ღია პოლიტიკას და ხმაურის გარეშე გაკეთებულ სახალხო საქმეს. ისიც კარგად ახსოვთ, როგორ შოკში ჩააგდო ბიძინა ივანიშვილმა მისი პირდაპირობით მტერიც და მოყვარეც. თავდაპირველად კომუნიკაციის „უხეში“ ფორმა, რომელსაც კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა, დღეს უკვე ქართული პოლიტიკის სტანდარტად იქცა. სიმართლე უხეშია, მაგრამ საჭირო. ამით მსოფლიოს პოლიტიკური კომუნიკაციების ტრანსფორმატორებს დავასწარით და ახალი წესები დავამკვიდრეთ ქვეყანაში.

დღესაც, პრემიერის მიერ გაცხადებული „პოლიტიკური დებატები“ ახალი გამოწვევაა და ცვლის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზე ცალმხრივად ჩაკეტილ პოლიტიკას და საზოგადოებას აძლევს საშუალებას, ღიად დაინახოს სად არის სიმართლე. პრემიერის გამოწვევას დათანხმდება ის, ვისაც აქვს პიროვნული და პოლიტიკური კულტურა და ვისაც შეუძლია საკუთარი სიმართლის საჯაროდ დასაბუთება,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები