პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მედიასთან ეხმიანება. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დებატებისა და კონსტრუქციული დიალოგის ფორმატის დაბრუნება შესაძლებელია და ეს მნიშვნელოვანი ტესტია იმის გასაგებად, შემორჩა თუ არა ოპოზიციურ სპექტრში ჯანსაღი პოლიტიკური კულტურა.
„საზოგადოებას სურს დებატები და დისკუსია ქართველისთვის, ჩვენი კულტურისა და მენტალობისთვის ჩვეულ ფორმატში“, — განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ რადიკალიზმის კლების ფონზე პოლიტიკურ ველს აქვს შანსი დაუბრუნდეს რეალურ დისკუსიასა და კონსტრუქციულ დიალოგს.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა [დისკუსიასა და დებატების შესახებ] ძალიან მნიშვნელოვანია — ეს არის დემოკრატიული ცხოვრების მთავარი კომპონენტი, რომელსაც მოკლებული იყო ჩვენი პოლიტიკური ველი და ამომრჩეველი იმიტომ, რომ დისკუსიისა და დებატების თემა დესტრუქციული ოპოზიციის დღის წესრიგში გადაიქცა მუდმივი სკანდალების, სატელევიზიო რეიტინგების ამაღლების სფეროდ. პირდაპირ ეთერში გადადიოდნენ ხულიგნობაზე და დისკუსია მოკლებული იყო იმას, რისთვისაც არის გამიზნული — ეს არის კონსტრუქციული დიალოგი მხარეებს შორის, რომლებიც ერთმანეთის შეურაცხყოფაზე არ გადადიან, გააჩნიათ პიროვნული და პოლიტიკური კულტურა, სვამენ კითხვებს და ისმენენ პასუხებს, შეიძლება არ დაეთანხმონ პასუხებს, მაგრამ შედიან ამ პასუხების გააზრების კონსტრუქციულ დიალოგში.
ამ ყველაფერს მოკლებული იყო ჩვენი პოლიტიკური ველი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ველი დასუსტებულია და რადიკალიზმის ტალღამ იკლო საქართველოში, შესაძლებელია ამ ფორმატს დავუბრუნდეთ — ყოველ შემთხვევაში, მოვსინჯოთ და ვნახოთ, რით დამთავრდება. შესაძლებელია, ეს პროცესი მალევე შეწყდეს და საერთოდ არ მოისმინოს რადიკალური ძალების ნაწილმა, თუმცა ეს არის კარგი ტესტი, გავიგოთ, შემორჩა თუ არა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრში ის ჯანსაღი, ელემენტარული კულტურისა და არაპოლარიზებული დამოკიდებულების მქონე ძალები.
მომწიფდა დრო, ვინაიდან ყველაზე რადიკალური და დესტრუქციული ელემენტები მოშორდნენ ამ სფეროს და, იმედია, ვიღაც კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების მატარებელი წარმომადგენელი შედგა საქართველოს ოპოზიციაში. ვნახოთ, ეს იქნება დებატები და დისკუსია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე — რა კეთდება და რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო უკეთესად — თუ კვლავ დეზინფორმაციაზე აგებული პროპაგანდისტული თამაშები ამომრჩეველთან, რომელსაც ამ თამაშების აღარ სჯერა.
ქვეყანაში ხდება სიტუაციების დემონიზება, რადიკალები ეძებენ შავ კატას იმ ბნელ ოთახში, სადაც ის არ იმყოფება — ამ ყველაფრისგან მოსახლეობა უკვე გადაღლილია. საზოგადოებას სურს დებატები და დისკუსია ქართველისთვის, ჩვენი კულტურისა და მენტალობისთვის ჩვეულ ფორმატში. თავსმოხვეულად მიმაჩნია ის ფორმატი, რომელსაც წარმოადგენდნენ სადებატო და სადისკუსიო პლატფორმებად ქცეული პოლიტიკური კლუბები (და არა საინფორმაციო საშუალებები)“, — განაცხადა დავით ქართველიშვილმა.









