რუმინეთის პრეზიდენტის ნიკუშორ დანის მრჩევლის ეუგენ ტომაკის განცხადებით, ოფიციალური ბუქარესტი ნებისმიერ დროს მზადაა სერიოზულად განიხილოს მოლდოვის მიერთების საკითხი.
მისი განმარტებით, „ნებისმიერმა კეთილსინდისიერმა რუმინელმა, მდინარე პრუტის რომელ მხარესაც არ უნდა ცხოვრობდეს, იცის, რომ ორი სახელმწიფოს გაერთიანების საკითხი ბუნებრივი პროცესია“.
როგორც ტომაკმა აღნიშნა, რუმინეთი მზადაა ნებისმიერ დროს დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და სერიოზულად იმსჯელოს აღნიშნულ სცენარზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვის რესპუბლიკა მას, როგორც ვარიანტს განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბერლინში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე რუმინეთის პრეზიდენტმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა: „პირადად მე მსურს გაერთიანება მოლდოვასთან“, მაგრამ სანამ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეები სახელმწიფო მოწყობის არსებულ ფორმას მხარს უჭერენ, „რუმინეთი არაფერს მოიმოქმედებს“.
2018 წლის 27 მარტს რუმინეთის პარლამენტმა ერთხმად მიიღო დეკლარაცია მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. „ეს რუმინეთის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციაა. ის არ შეცვლილა“, – დასძინა ნიკუშორ დანის მრჩეველმა.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, მოლდოვისთვის სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად „გადარჩენა“.









