აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გეგმა, გაამკაცროს საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვებზე კონტროლი, არ უნდა დააზარალოს ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ დაამტკიცონ, რომ თანხა სოციალური მომსახურების გადახდებიდან არ არის მიღებული,- განაცხადა Reuters-თან აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
კითხვაზე, ხომ არ შეაფერხებს ეს ზომები ლეგიტიმურ ფულად გზავნილებს, რომლებსაც მიგრანტები საზღვარგარეთ მცხოვრებ ოჯახებს უგზავნიან, ბესენტმა უპასუხა: “არა, არ უნდა შეაფერხოს. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია დაამტკიცოს, საიდან მოდის ეს თანხა… პრობლემა არ ექნება”, – თქვა მან ინტერვიუში.
ბესენტის თქმით, აშშ-ში ლეგალურად მყოფი ადამიანების მიერ განხორციელებული გადახდები, როგორც წესი, რეგულირებული საბანკო სისტემის მეშვეობით იგზავნება. მისივე განმარტებით, შეუძლებელია მინესოტის მოსახლეობისთვის განკუთვნილი სოციალური დახმარების თანხის სომალიში გაგზავნა — ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ან საჭიროზე მეტ დახმარებას იღებს, ან ცდილობს მოპარული თანხის გაგზავნას.









