პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროებს მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მონაწილეობისთვის ესტუმრა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს სიტყვით მიმართავს.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები. სამიტზე ქვეყნის მეთაური შუა დერეფნის პოტენციალსა და საქართველოს როლზე, ასევე ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესსა და განვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დელეგაციასთან ერთად აგრძელებს ვიზიტს აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა შუა დერეფანი, მისი განვითარება, სატრანზიტო გზების განვითარება, ასევე, საუბარი იქნება მიმდინარე ანაკლიის პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე, იმ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რასაც სახელმწიფო დებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.









