ევროკავშირის გადაწყვეტილებას ენჯეო სექტორისთვის დაფინანსების გაზრდის თაობაზე, თავად ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ. ტომაშ ფროელიხს მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდა საშიში გადაწყვეტილებაა, რითაც ევრობიუროკრატები USAID-ის ჩანაცვლებას ცდილობენ.
ევროპარლამენტარის თქმით, ენჯეო სექტორი სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ხელისუფლების შეცვლის მიზნით, ძალადობრივ პროცესებს ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ფულით უწევს ორგანიზებას, რაც არ უნდა იყოს ევროკავშირის მიზანი.
„გასული წლის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში ვიყავი და ბევრ მინისტრს შევხვდი. ყველამ მითხრა რომ USAID-ის გამოაშკარავება ძალიან კარგი ამბავია, ახლა კი ევროკავშირს სურს შეასრულოს ის როლი, რასაც USAID-ი ადრე ასრულებდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების ფოკუსი სრულიად მცდარია. არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ – საკუთარი ინტერესების გავრცელება. ისინი ცდილობენ ხელისუფლების შეცვლის ოპერაციების ორგანიზებას. მე ვიცი რა ხდება საქართველოში; არასამთავრობო ორგანიზაციები აორგანიზებენ ქუჩის პროტესტებს თბილისში და დიდ პრობლემებს ქმნიან იქ, ეს კი არ არის ევროკავშირის საქმე. ჩვენ უნდა დავაშროთ ეს არასამთავრობო ჭაობი, რადგან ის საფრთხეს უქმნის სხვა საზოგადოებებს“, – აცხადებს ტომაშ ფროელიხი.









