13 იანვარი, სამშაბათი, 2026
13 იანვარი, სამშაბათი, 2026

დავით ქართველიშვილი: 2025 წელი ჩემთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის წელი, ხოლო 2026 იქნება ამ გადარჩენის შენარჩუნების წელი

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი მედიასთან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველო უნდა დარჩეს სტაბილურ და სუვერენულ გეოპოლიტიკურ სივრცედ და არ მოხვდეს იმავე კონფლიქტურ „რადარებზე“, სადაც დღეს უკრაინა, ვენესუელა და სხვა კრიზისული რეგიონებია.

„ჩვენი ადგილი არის დერეფანი, გზაჯვარედინი, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრულ-ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც ყველა დიდ მოთამაშეს უნდა ჰქონდეს ინტერესი – მაგრამ არავის მონოპოლია” – განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო დაკვირვების რეჟიმში იმყოფება.

“არ მინდა, საქართველო იმავე რადარებზე იკითხებოდეს, სადაც დღეს უკრაინა, ვენესუელა, ირანი, კოლუმბია, კუბა, აფრიკის კონტინენტი და სხვა კრიზისული რეგიონები ჩანს.

ჩვენი ადგილი და როლი ძალიან მკაფიოა: საქართველო არის დერეფანი, გზაჯვარედინი – სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრულ-ტექნოლოგიური ჰაბების სივრცე; შავი ზღვის გასასვლელი, ჩვენი პორტებით, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აუცილებლად აქვს და ექნება საკუთარი სტრატეგიული ინტერესი. თუმცა ეს ინტერესი გულისხმობს ერთ მთავარ პირობას: არც ერთმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ეს მნიშვნელოვანი რგოლი არ უნდა გადასცეს მონოპოლიურ ოპერაციულ მართვაში რომელიმე ერთ სახელმწიფოს – თუნდაც ის სტრატეგიული პარტნიორი იყოს, იქნება ეს თურქეთი, ირანი, რუსეთი თუ ნებისმიერი სხვა. სარგებელი უნდა განაწილდეს დაბალანსებულად და შეერთებულმა შტატებმა უნდა დაინახოს ამ სისტემაში საკუთარი ინტერესის რეალური დაცვა.

ამასთანავე, ისინი უნდა ხედავდნენ საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის თვალსაზრისით უსაფრთხო რეგიონს, სადაც ადგილი არ ექნება ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას, „შავ ხვრელებს“, კონტრაბანდას, ნარკოტრეფიკს და სხვა მსგავსი რისკებს.

დღეს საქართველო დაკვირვების რეჟიმში იმყოფება. მე არაერთხელ დამიწერია, რომ 2025 წელი ჩემთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის წელი, ხოლო 2026 – ამ გადარჩენის შენარჩუნების წელი. ყველაფერი ჩვენს ხელშია – არ უნდა დავუშვათ შეცდომა”- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები