ზეწოლის ქვეშ მყოფი ევროპა მეტ ერთიანობას მოითხოვს და ერთიანობა ინსტიტუციურ ცვლილებებს მოჰყვება. ასეთ დროს არ უნდა გავექცეთ ჩვენი ინსტიტუციური თავდაცვის მზადყოფნის შესახებ ყველაზე აქტუალურ კითხვებს, – განაცხადა ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა.
კუბილიუსი სვამს კითხვას, თუ 100 000-კაციანი ამერიკული სამხედრო ძალა ევროპას დატოვებს, მაშინ ვინ იქნება ევროპის უსაფრთხოების გარანტი.
ის ევროკავშირის ქვეყნების ჯარებს “ბონსაის არმიებს” უწოდებს და აცხადებს, რომ გარეგნულად კარგად გამოიყურებიან, თუმცა, რეალურად 27-ვე ქვეყნის სამხედრო ძალები შეკვეცილი და შეზღუდულია.
„პირველი კითხვა, თუ ამერიკელები ევროპიდან გადავლენ, როგორ შევქმნით ნატოს ევროპულ საყრდენს? ვინ იქნება ევროპული უსაფრთხოების გარანტი? რა ბედი ეწევა ევროპულ სარდლობასა და მართვა-კონტროლის შესაძლებლობებს ან ევროპულ შტაბ-ბინებს? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ჩავანაცვლოთ ამ შემთხვევაში ევროპაში განლაგებული 100 000-კაციანი ამერიკული მუდმივი სამხედრო ძალა, რომელიც ევროპის უსაფრთხოების მთავარ საყრდენს და მის სამხედრო ხერხემალს წარმოადგენს? ვინ ჩამოაყალიბებს ჩვენს ევროპულ მუდმივ, საყრდენ სამხედრო ძალას – გერმანელები? თუ 27 „ბონსაის არმიის“ ერთობლიობა? არმიები, რომლებიც გარეგნულად კარგად გამოიყურება, მაგრამ რეალურად შეკვეცილი, დაპატარავებული და შეზღუდულია.
ან როგორც ამას ჯერ კიდევ 10 წლის წინ სთავაზობდნენ ჟან-კლოდ იუნკერი, ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი – ინიციატივას, რომელსაც ექსპერტები და ევროპელები დღესაც მხარს უჭერენ – ძლიერი, მუდმივმოქმედი ევროპული სამხედრო ძალის შექმნა 100 000 ჯარისკაცის შემადგენლობით“, – აღნიშნა კუბილიუსმა.









