10 იანვარი, შაბათი, 2026
10 იანვარი, შაბათი, 2026

ლევან მახაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე: თვეები გეგმავდნენ ამ პროცესს, მოსახლეობას იწვევდნენ ძალადობრივ პროცესში მონაწილეობისთვის და როგორც კი ეს პროცესი ჩაიშალა დაიმალნენ სოროებში- რეალურად ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული, რისთვისაც ყველამ უნდა აგოს პასუხი

„ალბათ, ნაკლებია პოლიტიკოსების მხრიდან შეფასების არეალი იმიტომ, რომ ყველაფერი იყო ძალიან აშკარა და ცალსახა საქართველოს მოსახლეობისთვის. პირდაპირ ეთერში თვეების განმავლობაში გეგმავდნენ ამ პროცესს, მოსახლეობას იწვევდნენ ამ ძალადობრივ და კრიმინალურ პროცესში მონაწილეობისთვის და შემდეგ, როგორც კი ეს პროცესი ჩაიშალა დაიმალნენ სოროებში. ყველა მათგანი გაიქცა, დაიმალა“- განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.

მისი თქმით, ყველამ პასუხი უნდა აგოს, ვინც ხელისუფლების დამხობის მცდელობაში მონაწილეობდა.

„ერთია, რომ ყველაფერი იყო ცალსახა და მეორეა, რომ ამ ყველაფერს თავისი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს და ვერავინ, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ვერ გაექცევა ვერც სამართალს, ვერც სამართლიანობას და მართლმსაჯულებას საქართველოში ამ ძალიან მძიმე დანაშაულისგან. სხვათა შორის, საზოგადოებაც ხედავდა, რომ შოუს დგამდნენ, თითქოს არაფერი ხდებოდა და თითქოს ეს იყო სახალისო პროცესი, იწვევდნენ ამ პროცესებში. რეალურად ეს იყო ძალადობრივი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული, რისთვისაც რა თქმა უნდა, ყველამ, ვინც ამაში იყვნენ ჩართული, ვინც ახალისებდნენ, სხვა ფორმით მხარს უჭერდნენ, ამაზე უნდა აგოს პასუხი“- განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები