საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ერთ დროს მართლაც პოზიტიური, დემოკრატიული მიზნებისთვის იქმნებოდა და აგრძელებდა საქმიანობას, დღეს ცალკეული პოლიტიკური ისთაბლიშმენტის ხელში, პოლიტიკური პროპაგანდის მექანიზმებად არის გადაქცეული, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, აშშ-ის მიერ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას.
მათიკაშვილმა მაგალითად მოიყვანა ვენეციის კომისია, რომელიც, მისი თქმით, სამართლებრივი საკითხების ანალიზის ნაცვლად, პოლიტიკურ პროპაგანდაზეა გადასული, რაც ნათლად გამოჩნდა კომისიის მიერ საქართველოში მიღებულ კანონებთან მიმართებით მიღებულ დასკვნებში.
„სწორედ ეს აღნიშნა შეერთებული შტატების დღევანდელმა ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა ტრამპმა, როდესაც აშშ გამოვიდა ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციიდან და მათ არაფრის გამკეთებელი და ფულის მხარჯველი უწოდა – ეს არის სიმართლე. მაგალითად, ვენეციის კომისია ძალიან მკაფიო და ნათელი მაგალითია – ევროსაბჭოს ქვეშ არსებული ორგანიზაცია, რომელიც სამართლებრივი საკითხებით უნდა იყოს დაკავებული და მასზე აკეთებდეს შესაბამის ანალიზს, გადასულია პოლიტიკურ პროპაგანდაზე. ეს პოლიტიკური პროპაგანდა ძალიან კარგად გამოჩნდა იმ დასკვნებში, რომელიც, თუნდაც საქართველოში მიღებულ კანონებთან დაკავშირებით იქნა მიღებული მათ მიერ. იმის ნაცვლად, რომ სამართლებრივ საკითხებზე მოეხდინათ აპელირება, პოლიტიკურ სიტუაციებს და პოლიტიკურ წიაღსვლებს მიჰყო ხელი ვენეციის კომისიამ. ამ ერთი მაგალითიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ არის დაშორებული ვენეციის კომისია და ის უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია იმ მიზნებს, რისთვისაც ისინი შეიქმნა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.









