5 იანვარი, ორშაბათი, 2026
5 იანვარი, ორშაბათი, 2026

Theguardian: აშშ-ის საგარეო პოლიტიკის „პუტინიზაცია“ ვენესუელაში უკვე დადგა

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის „პუტინიზაცია“ ვენესუელაშიც დადგა. ტრამპი წესებს აღარ უვლის გვერდს – ის მათ ანგრევს, რასაც კარაკასის მიღმაც მოჰყვება შედეგები- ამის შესახებ გამოცემა Theguardian-ი წერს.

“ვენესუელაზე ღამით განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა, მისი ლიდერის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის გატაცებამ და დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ აშშ-მა უნდა “მართოს” ქვეყანა და გაყიდოს მისი ნავთობი, კიდევ ერთი დარტყმაა საერთაშორისო სამართლისა და გლობალური ნორმების მისამართით. თუმცა ესეც კი არ არის ყველაზე შემაშფოთებელი. დონალდ ტრამპი თანამდებობის დაკავებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში ბულდოზერების კოლონებით გადიოდა ამ ისედაც მყიფე სისტემაზე, და ახლა მისგან ძირითადად ნანგრევებიღა დარჩა. ამასთან, უცნობია, რამდენი ადამიანი დაიღუპა მადუროს დაკავების დროს”- ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის ავტორი ჯულიან ბორგერი, რომელიც ვენესუელაში განვითარებული მოვლენების შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, აღნიშნავს, რომ ტრამპის რწმენა საკუთარი გლობალური ყოვლისშემძლეობის მიმართ და მისი სურვილი, რომ მიითვისოს სხვა ქვეყნების ტერიტორიები და ბუნებრივი რესურსები, აქამდე შეკავებული იყო უცხოურ ომებში ჩარევის შიშით. თუმცა, როგორც ჩანს, უცხოური ომების მიმართ ტრამპის შიში იკლებს. ის აშკარად აღფრთოვანებული იყო მადუროს ოპერაციის დრამატიზმით და იმ ამერიკელი ჯარისკაცების ეფექტურობით, რომლებმაც ის განახორციელეს. მან შაბათს განაცხადა, რომ „არ ეშინია“ ვენესუელაში სახმელეთო ძალების განლაგების საკუთარი ინტერესების დასაცავად. ასაკოვანი პრეზიდენტისთვის, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის ყოველი დღის განმავლობაში სულ უფრო ჭირვეული, გაღიზიანებული და არათანმიმდევრული ხდება – პოპულარობის შემცირების წინაშე დგას და სასოწარკვეთილად ცდილობს ყურადღების გადატანას ეპშტეინის ბავშვთა ტრეფიკინგის სკანდალიდან.

სტატიაში ნათქვამია, რომ ვენესუელაზე თავდასხმა იმაზე მეტყველებს, რომ უცხო მიწების, ნავთობისა და მინერალების ხიბლი, ახლა ნობელის პრემიაზე უფრო მაცდუნებელი გახდა. აშშ-ის მიერ მადუროს წინააღმდეგ წაყენებული ნარკოტიკებთან დაკავშირებული კონკრეტული ბრალდებები ექსპერტების უმეტესობის აზრით, არასაკმარისია და ვერ წარმოადგენს საერთაშორისო ან აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით დამაჯერებელ საფუძველს ვენესუელაზე თავდასხმისა და მადუროს გატაცებისთვის.

გამოცემის ცნობით, ტრამპის არაერთ განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ ის ვენესუელის ნავთობით უფროა გატაცებული, ვიდრე მადუროს სასამართლოს წინაშე წარდგენით ან ვენესუელელი ხალხისთვის დემოკრატიის მოტანით. მადუროს გადაყენებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მზად იყო ვენესუელას დანგრეული, სანქციებით განადგურებული ნავთობის ინდუსტრიის აღსადგენად. „ჩვენ დიდი რაოდენობით ნავთობს გავყიდით“, – თქვა მან.

ტრამპი მსოფლიოს მე-19 საუკუნის იმპერიალისტის თვალით უყურებს, თუმცა 21-ე საუკუნის იარაღით. უცნობია, რამდენად შორს წავა ტრამპი ვენესუელაში თავისი მიზნების მისაღწევად, თუმცა მან მკაფიოდ განაცხადა, რომ „ამერიკული არმადა“ რეგიონში მზადყოფნაში დარჩება მანამ „სანამ შეერთებული შტატების მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება“ – მოთხოვნები, რომლებიც, სავარაუდოდ, ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიის ხელში ჩაგდებას მოიცავს.

https://www.theguardian.com/world/2026/jan/03/putin-russia-us-foreign-policy-venezuela

ავტორი:

ბოლო სიახლეები