„არცერთი ხელშეუხებელი ამ ხელისუფლების დროს არ უნდა არსებობდეს, თორემ ეს ხელისუფლება განწირულია წაგებისთვის, როგორც პოლიტიკურ ველზე, ასევე საზოგადოების თვალში,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისა და მიმდინარე გამოძიებების თემის კომენტირებისას.
დავით ქართველიშვილის თქმით, უპრიანია ხელისუფლებამ თავად ამხილოს არსებული პრობლემა და მის გადაჭრაზე იზრუნოს, ვიდრე თავი აარიდოს მას.
„ჩვენ უნდა მივესალმოთ იმას, რომ საქართველო, რომელმაც დაამარცხა ლიბერალური ფაშიზმი და ე.წ. ოპოზიციის სახით აგრძელებს ამ ბრძოლას, არ უნდა გადაიქცეს განგსტერულ და კორუფციულ საქართველოდ. მან უნდა ამხილოს ყველა, ვინც უახლოეს წარსულში ასე თუ ისე, საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან იყო აფილირებული.
არცერთი ხელშეუხებელი ამ ხელისუფლების დროს არ უნდა არსებობდეს, თორემ ეს ხელისუფლება განწირულია წაგებისთვის, როგორც პოლიტიკურ ველზე, ასევე საზოგადოების თვალში. ჩვენ ვერ დავასახელებთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოდან ვერცერთ წონად ფიგურას – მინისტრს, ან მინისტრის მოადგილეს, რომელსაც რეჟიმის დროს ბრალი წაუყენეს კორუფციაში, ქრთამის აღებაში, ეკონომიკურ დანაშაულში, თუ სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებაში, ან სხვა მუხლით. ეს რას ნიშნავს? მსგავსი დანაშაული არ იყო ჩადენილი იმ 9 წლის განმავლობაში? რა ჯობია – შენივე ხელისუფლების დროს ამხილო პრობლემა, თუ გადადო მისი გადაჭრა ან გააზრება მომდევნო თაობების და ხელისუფლებების მხრებზე? მგონია, რომ მანკიერიც და კარგიც, თანაბრად უნდა შუქდებოდეს ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.









