„მეგობრებო, ყველამ კარგად იცით, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამირჩია. მინდა ჩვენი პარტიის ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამებრძოლს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ“-ამის შესახებ ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს.
ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ახალგაზრდა საკუთარ პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს და შეძლებს, მიზანზე კონცენტრირდეს.
ის მოუთმენლად ელის ნიჭიერ, განათლებულ, მიზანდასახულ, ნამდვილ ქართველ პატრიოტ ახალგაზრდებთან შეხვედრას, იმისთვის, რომ დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შეუწყოს.
„კარგად მესმის, რომ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის მოაზროვნე, ჯანსაღ, უკეთეს ხვალინდელ დღეზე კონცენტრირებულ ახალგაზრდა თაობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, სრულად ვაცნობიერებ, რომ ქვეყნის მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს.
არავისთვის არის უცხო, რომ საკმაოდ დიდ წარმატებებს ახალგაზრდული ასაკიდან მივაღწიე და ჩვენი ქვეყნის დროშა საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ ავაფრიალე. გამარჯვებულის რანგში საკუთარი სამშობლოს ჰიმნის მოსმენა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რაც კი ცხოვრებაში განმიცდია, შესაბამისად, ზუსტად ვიცი, რას გრძნობს ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, როდესაც მხოლოდ საკუთარი შრომითა და ნიჭით აღწევს ისეთ გამარჯვებას, რომელიც არა მხოლოდ მისი ინდივიდუალური, არამედ საქვეყნო წარმატებაა. ჩემზე უკეთ არავინ იცის, რომ ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა კონკრეტული ადამიანებისა თუ ორგანიზაციების მხრიდან ხელშეწყობას ენიჭება. აუცილებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ახალგაზრდა საკუთარ პოტენციალს ბოლომდე გამოავლენს და შეძლებს, მიზანზე კონცენტრირდეს.
სწორედ ამიტომ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ჩავუდექი სათავეში. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა, თუმცა, უზომოდ გახარებული ვარ, რადგან ნიჭიერ, განათლებულ, მიზანდასახულ, ნამდვილ ქართველ პატრიოტ ახალგაზრდებთან ურთიერთობის შესაძლებლობა გამიჩნდა. მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით თითოეულ მათგანთან შეხვედრას, იმისთვის, რომ დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შევუწყოთ და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური გუნდი უფრო ძლიერი გავხადოთ.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ“- წერს ვარლამ ლიპარტელიანი.









