ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ევროკავშირის IPARD III ფონდიდან თანხების გამოყოფა შეჩერებულია ქრთამის აღების საქმესთან დაკავშირებული სკანდალის გამო. IPARD III პროგრამის მიზანია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების დახმარება სოფლის მეურნეობის სფეროსა და მის მოდერნიზაციაში.
“ამჟამინდელ ვითარებაში, ევროკავშირის ბიუჯეტის დაცვის სტანდარტული სიფრთხილის ზომების სახით, კომისიამ გადაწყვიტა გააუქმოს IPARD III პროგრამის ფარგლებში 2025 წლის მესამე კვარტლის ხარჯების დეკლარაციების გადახდის ვადა”, – განუცხადეს ევროკომისიიდან Telma-ს.
ევროკომისიამ განმარტა, რომ ეს სიფრთხილის ზომა ავსებს ეროვნული კომპეტენტური ორგანოს მიერ უკვე მიღებულ ზომებს, “ორივე ღონისძიება ხელს უწყობს ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფას”.
თუმცა, ჩრდილოეთ მაკედონიის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ ევროკომისიისგან ოფიციალური შეტყობინება და Telma-ს დაუდასტურა, რომ 29 ოქტომბერს მათ IPARD III პროგრამიდან 2.9 მილიონი ევრო მოითხოვეს.
2025 წლის ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ გადაწყვიტა IPARD პროგრამიდან თანხების დროებით შეჩერება, მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სააგენტოს ხელმძღვანელი, ილია სტოილევი, ქრთამის აღების საქმეზე დააკავეს. ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებაში, ჯამში, ოთხი პირია ეჭვმიტანილი.









