პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტის გამოყოფის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის ფაქტი აღიარებაა იმის, რომ დღეს საქართველო რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი იშვიათი საყრდენია.
მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი, წესრიგი და პროგნოზირებადობა ამერიკისთვის უფრო ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე ევრობიუროკრატიის მხრიდან წახალისებული ნგრევა.
„რეალობას აცდენილი ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ აშშ-დან სანქციების და საჯარო დასჯის, ვაშინგტონიდან მკაცრი ტონის, მორალური ლექციებისა და თბილისთან დისტანცირების მოლოდინშია. მაგრამ აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაცია მოიქცა მისთვის ჩვეულ სტილში და პრაგმატიზმსა და ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული გათვლა გააკეთა.
თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის ათნახევრიანი მილიონი დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფა არ არის “კეთილი ნების” ჟესტი, არამედ ეს არის ერთი მარტივი ფაქტის ცივი აღიარება – დღეს საქართველო რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი იშვიათი საყრდენია და ამას გამაგრება სჭირდება.
ვაშინგტონი დღეს (წინა ადმინისტრაციისაგან განსხვავებით) არაა დაინტერესებული ქაოსით სამხრეთ კავკასიაში. არ არის დაინტერესებული სახელმწიფოს რყევითა და გადატრიალებებით იმ ქვეყანაში, რომლის გავლითაც გადის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოჯისტიკური არტერიები. ყველა საუბარი „დასჯაზე“, „იზოლაციაზე“ და „ნდობის დაკარგვაზე“ ინგრევა გეოპოლიტიკის ურყევ წესთან, სადაც თავდაცვაში ფულს დებენ, იქ არსებობს უპირობო ნდობა.
ეს გრანტი არ არის დაფუძნებული იდეოლოგიურ სიმპათიებზე, არამედ საქართველოს ფუნქციებზე, უზრუნველყოს იმ სივრცის უსაფრთხოება, რომელიც მნიშვნელოვანია არა ლოზუნგებისთვის, არამედ ეკონომიკასა და სტრატეგიისთვის. სწორედ ამიტომ შეაქვს აშშ-ს თავისი წილი ამ სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
განსაკუთრებით ნიშანდობლივია კონტრასტი კოლექტიური აკაცუკების მხრიდან სანქციების მოლოდინსა და რეალობას შორის.
„ანტიქართული რიტორიკის“, “მეგობარი აქტის” სანაცვლოდ მივიღეთ ოფიციალურად გაფორმებული თანამშრომლობა. ზეწოლის ნაცვლად – ინსტიტუციური მხარდაჭერა. ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავს, ვაშინგტონი დღევანდელ ხელისუფლებას უფრო ენდობა, ვიდრე ქუჩის პოლიტიკას, რუსთაველის გადაკეტვას და “ოლე-ოლე” ხმაურს. და ეს არის უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დარტყმა ქართველი რადიკალების მისამართით.
აშშ-მ აჩვენა, რომ მისთვის მართვადი სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეოლოგიურად დესტრუქციული ქაოსი. საქართველოს სუვერენიტეტი, წესრიგი და პროგნოზირებადობა მისთვის უფრო ღირებული აღმოჩნდა, ვიდრე ევრობიუროკრატიის მხრიდან წახალისებული ნგრევა. დასკვნა კი მარტივი და ბევრისთვის არასასიამოვნოა, როდესაც სახელმწიფო იცავს საკუთარ ინტერესებს და ინარჩუნებს სტაბილურობას, მასთან თანამშრომლობენ. როდესაც ის ექსპერიმენტების პოლიგონად იქცევა, მას იყენებენ. აშშ-მ თავისი არჩევანი გააკეთა…“ – წერს დავით ქართველიშვილი.









