მნიშვნელოვანი და ამავდროულად, საკმაოდ რთული ამოცანა უწოდა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომლის თანახმადაც ანტიმონოპოლიურ სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს კერძო კომპანიებს შორის შესაძლო კარტელური გარიგებების საკითხის შესწავლა დაევალა.
როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საჭიროა მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ვინაიდან კვლევების შედეგად დგინდება, რომ ფასები ცალკეულ პროდუქციაზე გაუმართლებლად მაღალია. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების ინიციატივას უკვე გამოუჩნდნენ ოპონენტები და მათი ისტერიული რეაქციიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება დავასკვნათ, რომ სახელმწიფო სწორ გზაზე დგას.
„ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან თავისუფალ ბაზარში ჩაურევლობასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას შორის ბალანსის დაცვა ადვილი არ არის. მომხმარებელთა ინტერესების დაცვა რომ აუცილებელია, ეს კარგად ჩანს თუნდაც იმ ფაქტიდან, რომ საშუალოდ სასურსათო პროდუქტებზე 80-90 %-იანი ფასნამატია საქონლის შეძენიდან, მის დახლზე გატანამდე. ზოგიერთ პროდუქტზე კი ფასნამატი 150%-ს აღემატება. ასეთი რამ მართლა არ ხდება არსად, სადაც არ არის კარტელური გარიგებები და ნორმალური კონკურენციაა.
აქ ორი თემაა გამოსაყოფი. პირველი – დღეს ზუსტად იმ პარტიებმა, იმ პოლიტიკოსებმა და ენჯეოებმა ატეხეს ერთი ამბავი, თითქოს ხელისუფლება ემზადება კერძო ბიზნესის წინააღმდეგ რეპრესიებისთვის და ამტკიცებენ, თითქოს ხელისუფლებამ გადაუხვია თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, ვინც 2024 წლის არჩევნების წინ დარბოდნენ მეზობელი ქვეყნების ბაზრებში და ამტკიცებდნენ, რომ იქ საქონელი გაცილებით იაფი ღირდა, ვიდრე ჩვენთან და ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ. განსაკუთრებით კარგად გვახსოვს ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ხან თურქეთში გადარბოდა, ხან სომხეთში და ადარებდა რა ღირდა კილოგრამი კარტოფილი ან პომიდორი იქ და რა ღირდა საქართველოში. და დღეს, როდესაც სახელმწიფომ თქვა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის მეშვეობით ჩვენ დავიწყებთ სავარაუდო კარტელური გარიგებების შესწავლას და გარკვეულ რეგულაციებს დავაწესებთ, მათ პირიქით – საპირისპიროს მტკიცება დაიწყეს, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან გაუმართლებელი ჩარევაა და თითქოს სახელმწიფო ემზადება ბიზნესის წინააღმდეგ რეპრესიებისთვის, დაჭერებისთვის და ა.შ. თუ ვიმსჯელებთ იმით, რამდენი ადამიანიც გამოეხმაურა ოპოზიციიდან ამ ინიციატივას და როგორი აჟიოტაჟიც ატეხეს, კარგად გამოჩნდა, თუ რამდენად არ მოეწონათ მათ ეს ყველაფერი. თუმცა, რაც არ მოსწონს ოპოზიციას, ის კარგია ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის და ე.ი. სწორი ნაბიჯი გადაიდგა.
მეორე, რაც შეეხება ფასებს – როცა ჩვენ ვთქვით, რომ უმრავლეს პროდუქტზე ფასნამატი დაახლოებით 80-90%-ია, არის პროდუქცია, რომელზეც 150% და ზოგჯერ მეტიც კი არის ფასის მატება. შესაბამისად, საქართველოში ბევრად ძვირია ბევრი პროდუქტის ფასი ევროპის და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.
ჩვენ გვახსოვს, რომ უფრო ადრე, სახელმწიფომ დაიწყო ფარმაცევტული ბაზრის რეგულირება, რადგან წამალი ისეთი რამ არის, რაც ყველას ჭირდება და შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში, სასიცოცხლოდ აუცილებელიც იყოს. ამან გამოიღო ძალიან კარგი შედეგი – ბევრი მედიკამენტის ფასი მკვეთრად შემცირდა. თუმცა, აქაც, ზოგიერთმა კომპანიამ ხელოვნური დეფიციტის შექმნა სცადა. ასეთ შემთხვევებში, დიახ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ფასების რეგულაციაში, რათა ასეთმა კომპანიებმა ბაზარზე ხელოვნური დეფიციტი ვერ შექმნან, ხოლო ვინც ამას შეეცდება, მათ წინააღმდეგ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირების ეფექტური მექანიზმი.
ასე რომ, ეს არის ძალიან კარგი და მისასალმებელი ინიციატივა, თუმცა მისი განხორციელება ნამდვილად არ არის ადვილი, რადგან კერძო ბაზრის პრინციპებში ისე ჩარევა, რომ არ გააფუჭო რამე, საკმაოდ რთულია. ზედმეტმა რეგულირებამ, შესაძლოა, უარყოფითი შედეგიც კი მოგვიტანოს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.









