25 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2025
25 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2025

ზაზა შათირიშვილი: ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლისთანავე მოსამართლეთა სრული კორპუსი ჩამოაშორეს საქმიანობას, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „დიპ სტეიტს“ გამოსტაცა სასამართლო სისტემა, და ქვეყნისა და ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობის შესაძლებლობა მისცა

„ოლიგარქიული კლანების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს რომ სასამართლო წარმოადგენს, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მაგალითზეც ნათლად ჩანს. ბუნებრივია, თუკი არაფორმალური გავლენების მქონე რომელიმე ძალა ხელისუფლების აღნიშნულ შტოს დაიქვემდებარებს, მართლმსაჯულების სისტემაზე, ფაქტობრივად, სრულ კონტროლს მოიპოვებს, შესაბამისად, არა მხოლოდ კონკრეტული საყოფაცხოვრებო, კომერციულ თუ სისხლის სამართლებრივ დავებზე ექნება გავლენა, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ, მისი პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევ საქმეებზეც და, მაგალითად, არჩევნების შედეგების გაუქმების ბერკეტადაც კი შეიძლება გამოიყენოს, რაც ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს შემთხვევაში, სულ ცოტა ხნის წინ, მთელმა მსოფლიომ თავად იხილა“- ვკითხულობთ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

შათირიშვილის თქმით, ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, „დიპ სტეიტს“ გამოსტაცა სასამართლო სისტემა და დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა მისცა.

„საქართველოს შემთხვევაში, კარგად გვახსოვს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლისთანავე, ერთ-ერთი პირველი რეფორმა სწორედ სასამართლო სისტემის რეორგანიზაცია იყო, რომლის ფარგლებშიც მოსამართლეთა სრული კორპუსი, მათ შორის, საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალებიც ჩამოაშორეს საქმიანობას, მათ ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული, მათდამი ლოიალურად განწყობილი კადრები მოიყვანეს. ყველაზე ირონიულია, რომ სასამართლო, ძირითადად პროკურორებით დააკომპლექტეს, რაც დაუშვებელია. მაშინ, როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლო სისტემა, პროკურატურის, როგორც მთავარი საბრალდებო მხარისგან აბსოლუტურად განსხვავებული ლოგიკით მოქმედებს, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც, ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს, ფაქტობრივად, გენპროკურორი კურირებდა! მიუხედავად ამისა, საერთაშორისო არენაზე, მთელი რიგი უცხოელი პოლიტიკოსებისგან გვესმოდა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა სანიმუშო, ხელისუფლება კი დემოკრატიის შუქურა იყო.

ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა, რომელიც უცხოეთიდან წამოვიდა, სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების ხელშეუხებლობა იყო. ნიშანდობლივია, რომ 2012-13 წლებში, ასეთივე მოთხოვნას ახმოვანებდნენ ადგილობრივი „არასამთავრობო ორგანიზაციები“ და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც წლების შემდეგ, უკვე დიდი ხანია, იმავე მოსამართლეების სისტემიდან ჩამოშორებას ითხოვენ. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სასამართლო სისტემისთვის თვითგამორკვევისა და გაჯანსაღების შესაძლებლობა, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მიეცა, შედეგად კი მივიღეთ, რომ დღეს ქართული სასამართლო, ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული და სანიმუშოა.

მიუხედავად არაერთი სპეკულაციისა და ბრალდებისა, ფაქტებზე დაყრდნობით ვერავინ, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც საზღვარგარეთ, ვერც ერთ საქმეს ვერ ასახელებს, რომელშიც მმართველი გუნდის გავლენა, სამართლებრივი არგუმენტების მიღმა, სხვა ტიპის გარემოებებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება შეიძლება იკითხებოდეს.

ამის საუკეთესო დასტური კი „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ გადაწყვეტილებებია, რომელიც, როგორც წესი, ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოდან სარჩელი იგზავნება, ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა უმაღლეს დონეზე, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებს! ამ ფონზე, ხშირად გვესმის ბრალდებები, რომ სასამართლო მიტაცებულია, თუმცა ფაქტები სხვა რამეს ამტკიცებს – სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „დიპ სტეიტს“ გამოსტაცა სასამართლო სისტემა, დამოუკიდებლად მოქმედების, შესაბამისად, ქვეყნისა და ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობის შესაძლებლობა მისცა! მიუხედავად ამისა, კარგად ჩანს, როგორია გავლენიანი ოლიგარქებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალების ლოგიკა, თუ სისტემა მათ ემორჩილება, როგორც სააკაშვილისა და ადეიშვილის ხელმძღვანელობის პირობებში ხდებოდა, რა გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღოს, სასამართლო დამოუკიდებელია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მათ არ ემორჩილება – მიტაცებული და არ აქვს მნიშვნელობა ამის არგუმენტები არსებობს თუ არა”,-ვკითხულობთ წერილში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები