24 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025
24 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2025

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა

რასაც ვაკვირდებით, ერთ-ერთი მთავარი იარაღი, ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს საზოგადოებაზე გავლენის მოპოვებას გარედან ცდილობენ, არის საზოგადოების დაყოფა, ქიშპის შეტანა, ერთმანეთზე გადაკიდება და ა.შ. და მთავარი იარაღი ამაში არის სიძულვილის ენა, რომლითაც მთლიანად გაჯერებულია რადიკალური ოპოზიციის ფრთა,  –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, “პოს ტვ”-ის ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილმა “თიბისი ბანკის” რადიკალური ოპოზიციის აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის განმასახიერებელი ადამიანების გაიგივება. 

მისივე განცხადებით, ბიზნესი, თავისი არსით, ვერ იქნება სიძულვილის მხარეს, შესაბამისად, მსგავს ექსცესებს, საბოლოო ჯამში, შედეგი არ მოაქვს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ სიძულვილი, ძალადობა, ზიზღი – იქცა მთავარ იარაღად და ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის დროშის ფრიალის ქვეშ. შესაბამისად, აიგივებენ ზიზღს, ძალადობას, სიძულვილს, ევროკავშირთან, რაც სავალალოა უპირველეს ყოვლისა, თავად ევროკავშირის რეპუტაციისთვის. რა თქმა უნდა, ნაკლებად სასურველია და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მიაქციოს ყურადღება, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი ადამიანების, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება. ამიტომ, ასეთი მოვლენები, ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, მცდელობა იყო “ბი ემ ჯის” მხრიდან და ა.შ., როდესაც შეეცადნენ, ქართული ბიზნესი ჩაეთრიათ რადიკალიზმში და გახსოვთ მაშინ, “Free Business”-ის სათაურის ქვეშ, ქართული ბიზნესი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი ჩავარდა, რადგან ბიზნესი თავისი არსით არ შეიძლება იყოს სიძულვილის მხარეს, იყოს იმ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გარედან თავს მოხვეული სახით აქვს. ასეთ ექსცესებს, ვხედავთ, რომ არანაირი შედეგი არ მოაქვს, ვინაიდან, ბიზნესი – მით უმეტეს, როდესაც მსხვილ ბიზნესზე ვსაუბრობთ, მისი ინტერესია, ყველას თანასწორად მოემსახუროს და არ გააიგივოს საკუთარი თავი იმ ადამიანებთან, რომლებიც ყოფენ საზოგადოებას სხვადასხვა იარლიყების მიწებებით.” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები