12 დეკემბერი, პარასკევი, 2025
12 დეკემბერი, პარასკევი, 2025

The Telegraph: ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად დაგვანახა, რომ არსებულ ვითარებაში, ევროპას საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეუძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის აგრესიისგან უკრაინის დაცვაზე

„ტრამპი მართალია. ევროპა სუსტი და დაცემის პროცესში მყოფი კონტინენტია“, – სტატიას ამ სათაურით ბრიტანული Telegraph-ი აქვეყნებს. მასში გამოცემის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა საკითხებში რედაქტორი კონ კაფლინი ევროპას და კერძოდ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

ავტორი წერს, რომ ლონდონში სტარმერის, გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ევროპელი ლიდერები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ უკრაინის პრეზიდენტი, უარი ეთქვა ტრამპის სამშვიდობო შეთანხმებაზე.

კაფლინი აღიარებს, რომ ტრამპის გეგმას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს და ის მშვიდობის ნაცვლად ტერიტორიების დათმობით რუსეთის აგრესიას ერთგვარად აჯილდოებს, თუმცა აკრიტიკებს სტარმერის პოზიციას, რომელმაც თეთრ სახლთან პირდაპირ კომუნიკაციას ევროპელ ლიდერებთან გაერთიანება არჩია.

„ამის ნაცვლად, სტარმერმა იოლი გზა აირჩია – დაახლოება სხვა ევროპელ ლიდერებთან, რომლებსაც, მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნებით ემიჯნებიან ტრამპის ძალისხმევას, თავად თითქმის არაფერი აქვთ შესათავაზებელი სისხლისღვრის დასრულების კუთხით. ჩვეული ფუჭი ფრაზების გარდა, როგორიცაა „ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ“, ყველაფერი, რისი მოფიქრებაც დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ შეძლეს კიევისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად, იყო მოწოდება ევროპისადმი, რომ „გაეძლიერებინა“ ზეწოლა რუსეთზე“, – წერია სტატიაში.

ავტორი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა „უდავოდ, გამოიწვევდა სიცილს ოვალურ კაბინეტში“, სადაც ტრამპის ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში მოუწოდებდა ევროპას მეტი გაეკეთებინა კრემლზე ეკონომიკური ზეწოლის გასაძლიერებლად. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს მოწოდებები უყურადღებოდ დარჩა, რადგან შავი ბაზრის დახმარებით, ევროპის პორტებში დიდი რაოდენობით რუსული ნავთობი კვლავ ხვდება, ევროპელი ლიდერები კი გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ შეთანხმებას ვერ აღწევენ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ ევროპას სუსტად მიიჩნევს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მისი, როგორც მოკავშირის სარგებლიანობას. ამას ტრამპის მხრიდან კრიტიკული შეფასებებიც დაემატა. „ვფიქრობ, ისინი სუსტები არიან“, – თქვა მან ევროპის პოლიტიკურ ლიდერებზე. „მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ მათ სურთ, იყვნენ ზედმეტად პოლიტკორექტულები“. ტრამპის ეს დამანგრეველი შეფასება ისევე გამართლებულია სტარმერის შემთხვევაში, როგორც სხვა ძირითადი ევროპული ძალების, მაგალითად, საფრანგეთისა და გერმანიის, პოლიტიკური კლასებისთვის.

ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად დაგვანახა, რომ არსებულ ვითარებაში, ევროპას საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეუძლია, აღარაფერი რომ ვთქვათ უკრაინის რუსეთის აგრესიისგან დაცვაზე“, – აღნიშნავს ავტორი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები