საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი დაინერგება. ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს, განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მე-11 კლასის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
„მნიშვნელოვანია ის, რომ დამამთავრებელი – მე-11 კლასი პროფილური გავხადოთ – მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული მოსწავლეების მომზადების კუთხით ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებაში. ამ კუთხით ჩვენ შემოგვაქვს მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე.
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
„ეს იქნება ინტენსიური ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს და მას აღარ უნდა დასჭირდეს დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა, იმიტომ, რომ მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
დღეს გამართულ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის წარდგენისას განათლების მინისტრმა ზოგად განაათლებაში 8 გამოწვევა წარმოადგინა და ესენია: საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, სასწავლო რესურსები, სასკოლო ცხოვრება, კავშირი განათლების საფეხურებს შორის, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სასწავლო გარემო, სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა, მართვისა და დაფინანსების სისტემა.









