სტუდენტური მოძრაობები რადიკალიზაციის წინა ხაზზეა. მათ არ აინტერესებთ არც ერთი ოპოზიციური ლიდერის პოზიცია – ეს არის ულიდერო სექტორი და ულიდერო რადიკალები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ ლიდერის შექმნას და მათი ბრძოლის ხაზი ცალსახად გადის დესტაბილიზაციასა და ქუჩის ხელოვნურ პროტესტზე, – განაცხადა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჩიხლაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „იმედის კვირა“ დაინტერესდა, რა ტრენინგები ტარდება საქართველოში ძალადობისა და ტერორიზმის წახალისების მიზნით.
„გსმენიათ თუ არა, რა ტრენინგები ტარდება დღეს საქართველოში ძალადობისა და ტერორიზმის წახალისების მიზნით? ,,იმედის კვირის“ მიერ მოპოვებული კადრები და ფოტოები სწორედ ამას ადასტურებს. ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემა – მესამე სერია. ამჯერად მოგიყვებით ფაქტებზე, რომელთა დაჯერებაც ბევრს შეიძლება გაგიჭირდეთ.
ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ როდესაც თქვენი შვილები მაგალითად საქართველოს უმაღლესი სკოლის მიერ გამოცხადებულ პროგრამაში ერთვებიან, და ფიქრობთ რომ ამ დროს ეცნობიან სხვადასხვა სფეროს, წევრიანდებიან საინტერესო კლუბებში და ესწრებიან მასტერკლასებს, სინამდვილეში ესწრებიან ამ ფრაზეოლოგიით შენიღბულ ტრენინგებს, სადაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ლექტორ-მასწავლებლები ღიად ქადაგებენ, რომ ტერორისტი თავისუფლებისთვის მებრძოლია“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, გადაცემის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ მათ დაუკავშირდნენ ის მშობლები, რომლებმაც კადრებში საკუთარი შვილები ამოიცნეს.
„მათ გვითხრეს, რომ არ სურთ არასრულწლოვანების იდენტიფიცირება. როგორც პასუხისმგებლობიანი მედია, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავავრცელებთ არც მათ ფოტოებს და არც სახელებსა და გვარებს.
დადასტურებული ინფორმაციით „ფრანკლინის კლუბის“ ბაზაზე შეიქმნა ახალი, მკაცრად გასაიდუმლოებული სასწავლო ცენტრი. სივრცე მდებარეობს „საქართველოს უნივერსიტეტის“ იმ ფლიგელში, სადაც აქამდე „ფრანკლინის კლუბი“ ფუნქციონირებდა – იგივე ლექტორები, იგივე დამფუძნებლები და იგივე მიზნები.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები: არა მხოლოდ უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები, არამედ სპეციალურად დაკომპლექტებული ჯგუფები აკონტროლებენ ტერიტორიის პერიმეტრს, რათა გარეთ არანაირი ინფორმაცია არ გავიდეს.
ეს არის „ფრანკლინის კლუბის“ ახალი ვერსია, რომელიც კვლავაც ფუნქციონირებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ბაზაზე.
სტუდენტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, სკოლის მოსწავლეებიც კი – ბუნებრივია, ამდენს ვსაუბრობ და გაინტერესებთ მთავარი – ვინ აფინანსებს ანტისახელმწიფოებრივ ტრენინგებს? და რა გზებით ხორციელდება ეს დაფინანსება?
ჩვენ ვაგრძელებთ დეტალურ გამოძიებას და წარმოგიდგენთ სრულ სურათს იმ სქემებისა, რომლებითაც ხდება ანტისახელმწიფოებრივი გეგმების დაფინანსება მათ შორის სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
მისივე თქმით, ჟურნალისტი სანდრო გამსახურდია დაუკავშირდა სქემაში მონაწილე ყველა პირს, რომლებმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
„ბოლო ორი დღეა, ყველა მათგანი მხოლოდ დახურულ ჩატებში გასცემს ინსტრუქციებს. ინსტრუქცია ერთია: არავინ გააკეთოს კომენტარი, უარყონ სასწავლო ცენტრის არსებობა და დაელოდონ დამატებით მითითებებს.
რაც შეეხება ადგილზე მოსვლასა და ტრენინგს მოუწოდებენ მონაწილეებს, ისე დაიგეგმონ, რომ კამერების ობიექტივში არ მოხვდნენ, რადგან სასწავლებლის ტერიტორიაზე ,,იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფია მობილიზებული. პროცესს სრულად კურირებენ ხელმძღვანელი პირები, რომლებიც თავად იღებენ პასუხისმგებლობას, რომ არც ერთი დეტალი არ გასაჯაროვდეს.
მიუხედავად გასაიდუმლოებული სწავლებისა, ქართული სპეცსამსახურების მიერ ყველა ანტისახელმწიფოებრივი სქემა სრულად გაშიფრულია. დადგენილია ყველა პირი, ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებს, მათ შორის – თბილისში მყოფი უცხოელი კურატორებიც, რომლებიც ანგარიშვალდებულები მხოლოდ და მხოლოდ გარე პატრონების წინაშე არიან.
სტუდენტური მოძრაობები რადიკალიზაციის წინა ხაზზეა. მათ არ აინტერესებთ არც ერთი ოპოზიციური ლიდერის პოზიცია – ეს არის ულიდერო სექტორი და ულიდერო რადიკალები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ ლიდერის შექმნას და მათი ბრძოლის ხაზი ცალსახად გადის დესტაბილიზაციაზე და ქუჩის ხელოვნურ პროტესტზე“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.









