აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა და სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ მოდელში დავინახოთ შესაძლებლობები, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკა იძლევა და შევძლოთ ამ შესაძლებლობების გამოყენება, – ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გლობალური ახალი ეკონომიკური ტენდენციების შეფასებისას განაცხადა.
„მსოფლიო სწრაფად იცვლება და მსოფლიო ეკონომიკური მოდელი, რომელიც ჩვენ ვიცოდით გლობალური კაპიტალიზმის სახით გარდაქმნის პროცესშია და ჩვენ ვართ მომსწრე, ორი ან მეტი ეკონომიკური ცენტრების ფორმირების. პირველ რიგში, ეს არის ტრადიციული აშშ და მისი მიზიდულობის ცენტრი და მეორე, არენაზე გამოდის სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, კერძოდ ჩინეთი და ჩინეთის გარშემო არსებული ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრები. ამასთან ერთად მოლოდინი არის, რომ შეიქმნება შედარებით მცირე ზომის მიზიდულობის ცენტრები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ახალი ეკონომიკური მოდელის ფორმირებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
განსაკუთრებული დიდი როლი ენიჭება შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი მონეტარული და ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების საშუალება.
საქართველოს შემთხვევაში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ეკონომიკური კავშირები გააძლიეროს და განამტკიცოს ტრადიციულ ძველ ცენტრებთან და ასევე შეძლოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ახლად ფორმირებულ ეკონომიკურ ცენტრებთან. არ იყოს ჩაკეტილი, არ ჰქონდეს ბლოკური სტატუსი, ჰქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა. სწორედ ასეთი დაბალანსებული და დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო 4 წლის განმავლობაში. მაგალითად, როდესაც რეალური ეკონომიკა საშუალოდ 9,5%-ით გაიზარდა ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს უაღრესად დიდი მაჩვენებელია და ნომინალურ ციფრებს თუ შევხედავთ ეკონომიკა გაორმაგდა. თუ 4 წლის წინ, თლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე იყო 4500 ჩვენ რეალისტურად მიგვაჩნია, რომ 2025 წლის ბოლოს ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10000 დოლარს მიაღწევს და ეს უაღრესად დიდი ნაბიჯია იმისკენ, რომ უახლოეს წლებში შევძლოთ და საქართველო მაღალშემოსავლიან ეკონომიკად ვაქციოთ, რადგან ნიშნული14 000 დოლარი არის, რომ ხარ მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა. თუმცა, ამისთვის აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა. ამ პროცესებში მთავარი გამოწვევა არის, რომ სწრაფად ცვალებად მსოფლიო ეკონომიკურ მოდელში დავინახოთ შესაძლებლობები, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკა იძლევა და შევძლოთ ამ შესაძლებლობების გამოყენება.
ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად შევაფასოთ ჩვენი ძალები და თანხვედრა მოვახდინოთ ჩვენს შესაძლებლობებთან. ამისთვის აუცილებელია, რომ გამოიკვეთოს ეკონომიკური სექტორები, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის შემდეგი წლების განმავლობაში და ის გახდება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.