იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გიორგი ბაჩიაშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პატიმარი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსეს.
„ქრონიკამ“ მოიპოვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საკანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაზიანებები მიიღო. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გიორგი ბაჩიაშვილი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოიკითხა.
„მიმდინარე წლის 11 ივლისს, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ორივე მსჯავრდებულმა. როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, ისევე, როგორც გ. ბ.-ს შემთხვევაში, ინციდენტში მონაწილე მეორე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი სტაციონირებაც და იგი მოთავსებულია პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში. არსებული დაზიანებისა და აღმოცენებული კლინიკური სიმპტომების შესაბამისად, მას დღემდე უტარდება შესაბამისი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები და საჭირო მკურნალობა. ამ ეტაპზე ორივე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და უგრძელდებათ მკურნალობა სტაციონარის პირობებში”, – განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ ურთქმელიძემ.