16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გახსნა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„გილოცავთ ამ არაჩვეულებრივი ბანაკის გახსნას. მსურს, ჩემი უდიდესი პატივისცემა დავადასტურო თითოეული სტუდენტის მიმართ, რადგან თქვენ ხართ საქართველოს მომავალი, თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე.

დარწმუნებული ვარ, ის დღეები, რომლებსაც აქ გაატარებთ დასამახსოვრებელი იქნება არა მხოლოდ იმით, რომ თანატოლები გაიცანით და ბევრი ახალი მეგობარი შეიძინეთ, არამედ იმითაც, რომ ერთმანეთს გარკვეულ ხედვებს გაუზიარებთ და არაფორმალურ გარემოში აქტუალურ საკითხებზე საინტერესო დისკუსიის შესაძლებლობა გექნებათ.

უახლოეს მომავალში რაჭაში, შაორშიც გაიხსნება ასეთივე საინტერესო ბანაკი, სადაც მონაწილეობის შესაძლებლობა თქვენს თანატოლებსა და მეგობრებს ექნებათ.

მე, როგორც ახლად დანიშნულმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია – ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში არაერთი მასშტაბური ინიციატივის განხორციელებას ვგეგმავთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ.

სტუდენტებს ასევე სიტყვით მიმართეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაიამ.

2025 წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება, 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკი მასპინძლობს 18-25 წლის 240 სტუდენტს. პირველი ნაკადის ფარგლებში, ბანაკს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.

ბანაკის მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვა. საბანაკე პროგრამა ხუთდღიანია და ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ასევე ტარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე.

საბანაკე პროგრამის სრულფასოვნად განხორციელებისთვის ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები – ბანაკის მონაწილეებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ შენობაში სრულად განახლდა სველი წერტილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობას, განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბანაკი სრულად აღიჭურვა პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარით.

ბანაკის გახსნამდე, 200-მდე შერჩეულ ახალგაზრდას ლიდერობის გადასამზადებელი ტრენინგი ჩაუტარდა. ისინი გაეცნენ ახალგაზრდული ბანაკების მუშაობის პრინციპსა და მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც შეესაბამება ბანაკის მონაწილეთა ინტერესებს. ტრენინგის შემდეგ, შერჩეული საუკეთესო ლიდერები დასაქმდებიან შაორისა და ანაკლიის საზაფხულო ბანაკებში. ყოველწლიურად ახალგაზრდულ ბანაკებში 250-მდე ლიდერი საქმდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები