აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელმაც გუშინ ევროპის ქვეყნების ხარჯზე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ განაცხადა, ფიქრობს, რომ რუსეთს სამხედრო კონფლიქტში უპირატესობა აქვს. ინფორმაციას Politico თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ რამდენ ხანში მოხდება ეს“, – განაცხადა თეთრი სახლის ჩინოვნიკმა და აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაზე დიდი ეკონომიკა და არმია ჰყავს.
მისი თქმით, ტრამპს უბრალოდ ომის შეჩერება სურს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის პოზიციის შეცვლა და შეიარაღების ახალი პაკეტის გაგზავნის გადაწყვეტილება დიდწილად განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ მან მოსკოვსა და კიევს შორის ცეცხლის შეწყვეტას ვერ მიაღწია.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპი უკრაინაზე რუსული დარტყმებით უკმაყოფილოა.