ის რაც ლოს-ანჯელესში ხდება, არა მშვიდობიანი მიტინგი, არამედ აჯანყების მცდელობის მიზნით მიმდინარე არეულობაა, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ ამ განცხადებასთან ერთად გაავრცელა ვიდეო-რგოლიც, სადაც კალიფორნიაში შეტაკებებისა და აქტივისტების მხრიდან ძალადობის ამსახველი კადრები ჩანს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დღეებში მემარცხენე რადიკალების მხრიდან პოლიციის ოფიცრებზე თავდასხმა,ამერიკულ კულტურასა და საზოგადოებაზე თავდასხმას წარმოადგენს.
„ის, რაც ბოლო დღეებში კალიფორნიაში ხდება, სამარცხვინოა. მემარცხენე რადიკალები უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებენ, სასტიკად ესხმიან თავს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებსა და ლოს-ანჯელესის პოლიციის ოფიცრებს. ამ კრიმინალებმა ფიზიკური ზიანი მიაყენეს პოლიციელებს, ქვები ესროლეს პოლიციის მანქანებსა და სამართალდამცველებს, დაწვეს მანქანები, გადაკეტეს გზატკეცილები და ისროლეს „მოლოტოვის კოქტეილები“. ეს თავდასხმები არა მხოლოდ სამართალდამცველებზე თავდასხმაა, არამედ ამერიკის კულტურასა და ჩვენს საზოგადოებაზეც. პრეზიდენტი ტრამპი არ დაუშვებს, რომ ბრბომ იზეიმოს“, – თქვა ლევიტმა.