„როცა აშშ-ის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა განცხადებები გააკეთეს, რომ მათთან, აქციების დროს, პოლიციელებს თმიდან ღერი არ უნდა ჩამოვარდნოდათ, გავიფიქრე, ნუთუ, არ შერცხვებოდა ამის ქართულ რადიკალურ ოპოზიციას“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ დაინახა, რომ აშშ-ში აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას იარაღის გამოყენებას უწოდებენ და მომიტინგეს შესაბამისადაც სჯიან, რითაც საქართველოში არსებულ რადიკალურ ოპოზიციას პასუხი კიდევ ერთხელ გაეცა.
„საქართველოში რა უნდა ვთქვათ, როცა პოლიციელები ლამის დაწვეს – ერთმა თვალი დაკარგა, ერთს ფეხი დაეწვა და ამპუტაცია დასჭირდა, 200-მდე დაშავდა და ა.შ. და მაშინ, როცა მათ აქციაზე მომიტინგეთა ნაწილი პიროტექნიკას ესროდა, რადიკალები აცხადებდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი და საერთაშორისოდ მიღებული მოვლენა იყო. აშშ-ში კი, დავინახეთ, რომ აქციაზე და მით უმეტეს, პოლიციელების წინააღმდეგ პიროტექნიკის გამოყენებას, ჩვეულებრივად, იარაღის გამოყენებას უწოდებენ და [შესაბამისადაც სჯიან]. აქედან გამომდინარე, რადიკალებს ჩვენთან ერთად პასუხი ამერიკამ გასცა. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმავეს მანამდეც ვამბობდით, მაგრამ რადიკალებს ჩვენი არ სჯეროდათ, რადგან ზურგს უკან ძლიერი მხარდამჭერები ჰყავდათ“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.