„ხომ შეიძლება, რომ მილიარდი კი არა ნახევარი მილიარდი ჰქონდეთ მოგება ბანკებს? ჰოდა დაუწიონ საპროცენტო განაკვეთს,“ – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათიას თურნავას ანგარიშის მოსმენისას.
მისივე თქმით, ბანკებს მოსახლეობა კაბალურ პირობებში ჰყავს და აუცილებელია საპროცენტო განაკვეთის შემცირება.
დეპუტატის განცხადებით, ბანკები მოსახლეობის ხარჯზე მილიარდიან მოგებაზე გადიან და ეს მაშინ, როცა მოსახლეობა ბაკში შესატანი თანხისთვის ყიდის ქონებას.
„მინდა დავსვა კითხვა, საკითხზე, რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. მესმის, რომ ჩვენი ქვეყანა რისკის ზონაშია და ამიტომ არის მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ როცა მილიარდზე მეტი აქვს ბანკს მოგება, იქ ალბათ საპროცენტო განაკვეთის დაწევაზე ბანკს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. რისკი მარტო ბანკებისთვის ხომ არ იზრდება, იზრდება მოსახლეობისთვისაც.
ხომ შეიძლება, რომ მილიარდი კი არა ნახევარი მილიარდი ჰქონდეთ მოგება ბანკებს? ჰოდა დაუწიონ საპროცენტო განაკვეთს.
მესმის, რომ ამ დროისთვის პრობლემატური სესხების წილი ქვეყანაში დაბალია, მაგრამ რეალურად ყველაფერს ყიდის მოსახლეობა იმისთვის, რომ ბანკთან პრობლემა არ ჰქონდეს. უჩნდება ერთი პრობლემა და 10-15 წელი უფუჭდება ისტორია. ახლოს არ გაიკარებს არცერთი ბანკი და ეს პრობლემა, რომ არ ჰქონდეს, მოსახლეობა იძულებულია, გაყიდოს ყველაფერი და ბოლო ლუკმა, წამლის ფული ბანკში გადაიხადოს.
რაღაც არის მოსაფიქრებელი. მილიარდი მოიგოს ბანკმა და ამ დროს მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ჰქონდეს, ეს დაუშვებელია. ბანკები მოსახლეობას ძალიან კაბალურ პირობებში ამყოფებენ. წვრილი შრიფტით ნაწერ ვალდებულებებს, მოსახლეობის უმეტესობა ვერ კითხულობს. აუცილებელია მეტად ჩავერიოთ ამ ძალიან პრობლემური საკითხის მოგვარებაში,“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
ნათია თურნავამ ვიქტორ ჯაფარიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის დაწესების უფლებამოსილება არ აქვს და ალბათ ჩარევა სწორიც არ იქნება, იმ მიზეზით, რომ საბანკო სფერო თავისუფალია და სწორედ ეს არის ამ სფეროს მიმზიდველობა ინვესტორებისთვის. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ვალდებულებაა ფასების სტაბილურობის და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, თუმცა
საპროცენტო განაკვეთის შესამცირებლად აუცილებელია, ამ სფეროში კონკურენციის განვითარება, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.